Belive

უცნობი ისტორია: რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტურინის იუვენტუსში?

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ტრავმით გამოწვეული პაუზის და სტატისტიკური კუთხით მცირე მშრალი სერიის შემდეგ, 2023 წლის რიგით მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ბენეფისი მოაწყო. 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა "ზებრების" წინააღმდეგ (5:1) მოგებულ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - 1 თავად გაიტანა, 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთი გოლიც მისი მოგერიებული დარტყმის დამატებაზე გავიდა.

საინტერესოა, რომ გუნდმა, რომელიც კვარაცხელიას მსხვერპლი 13 იანვარს გახდა, რამდენიმე წლის წინ ქართველი ტალანტის დამატებაზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, ტრანსფერზე უარი "ბებერმა ქალბატონმა" იმიტომ თქვა, რომ ყაზანის "რუბინის" მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო ეძვირა, რასაც მოგვიანებით რუსული კლუბი სახუმარო შინაარსის პოსტითაც გამოეხმაურა.

აღნიშნული ტრანსფერის შესრულებით ყველაზე მეტად კლუბის ყოფილი დირექტორი, ფაბიო პარატიჩი ინტერესდებოდა, თუმცა თავად "იუვენტუსი" დატოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

ამ თემასთან დაკავშირებით La Gazzetta Dello Sport-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, თუ რა დეტალებმა შეუშალა ხელი ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის 36-გზის ჩემპიონის რიგებში ტრანსფერს.

"კვარაცხელია ძალიან ახლოს იყო "იუვენტუსთან". პირველი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ "იუვენტუსის" მხრიდან მაურიციო სარის სეზონით თარიღდება. მაშინდელი გენერალური მენეჯერი ფაბიო პარატიჩი, რომელიც ახლა "ტოტენჰემში" აგრძელებს კარიერას, კვარას ნიჭს მაშინვე გრძნობდა და მის დამატებას ცდილობდა. მან ხანგრძლივი ურთიერთობისთვის მოლაპარაკება დაიწყო კვარასთან, იქამდე კი ანდრეა პირლოს კიეზასთან ერთად შანსი მისცეს.

შემდეგ, 2021 წლის გაზაფხულზე, "ბაიერნისა" და ინგლისური კლუბებისგან კონკურენციის მოლოდინი რეალური იყო. ქართველი ტურინში ჩავიდა და "შავ-თეთრების" ბაზას ესტუმრა. ეს ამბავი ცოტათი ჰოლანდის ისტორიას წააგავს, როცა ის ტურინში "პრიმავერას" მენეჯერის, ფედერიკო ჩერუბინის თანხლებით ჩავიდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. და რატომ არ დაიმატა "იუვენტუსმა" კვარაცხელია? საქმე მხოლოდ ფულში არაა. აქ ის რევოლუციური ცვლილებები იკვეთება, რომელიც პარატიჩის წასვლას და ჩერუბინის მენეჯერად დანიშვნას მოჰყვა. თანამშრომლები, პრიორიტეტები და სტრატეგიები შეიცვალა.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ "იუვენტუსმა" კვარაცხელია ვერ დაიმატა, მოგვიანებით კი, როცა ის სამშობლოში დაბრუნდა და სატრანსფერო ბაზარზე მასზე ნადირობა დაიწყო, ყველაზე წარმატებული კრისტიანო ჯიუნტოლი აღმოჩნდა და "ნაპოლიმ" მისი გაფორმება მოახერხა", - წერს პრესტიჟული იტალიური გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, "ნაპოლის" მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება, თავად "ნაპოლის" იტალიის სერია A-ში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანთან" 9-ქულიანი უპირატესობით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები