Belive

უცნობი ისტორია - ვირჯილ ვან დაიკი სიკვდილს გადაურჩა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ 2012 წელს მერსისაიდული გრანდის ვარსკვლავი, ვირჯილ ვან დაიკი სიკვდილს გადაურჩა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას ვან დაიკის ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელი ავრცელებს. 20 წლის ვან დაიკი, რომელიც იმ დროისათვის "გრონინგენის" ღირსებას იცავდა არა მხოლოდ კარიერის - არამედ სიცოცხლის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერედივიზიის ეგიდით, "ექსცელსიორის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ჰოლანდიელმა მცველმა თავი შეუძლოდ იგრძნო. კლუბის ექიმებმა და ოფიციალურმა პირებმა თავდაპირველად იფიქრეს, რომ ვან დაიკს სერიოზული არაფერი სჭირდა და იგი მხოლოდ შეუძლოდ გრძნობდა თავს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას აპენდიციტი, პერიტონიტი და კუჭ-ნაწლავთა სისტემის ინფექცია სჭირდა. "ვირჯილი თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ ცუდად ყოფნის მიზეზი არ ვიცოდით. თავდაპირველად გვეგონა, რომ მას სურდო სჭირდა. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი სახლში დარჩა და ტკივილს უმკლავდებოდა. იგი ადგილობრივ ჰოსპიტალშიც მივიდა, სადაც ცუდად ყოფნის მიზეზი ვერ დაუდგინეს და კვლავ სახლში დააბრუნეს. ვირჯილის ტკივილი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, სიტუაციის სიმძიმე მხოლოდ დედამისის სტუმრობის შემდეგ გახდა ცნობილი." "მან ვირჯილი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანა - სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი მომენტი. შოკირებული დავრჩი. კლუბიდან გოლიათი გავუშვით ჩვენთან კი დასუსტებული ადამიანი დაბრუნდა. საბედნიეროდ, ვირჯილმა მალევე შეძლო გამოჯანმრთელება და ფორმის აღდგენა", - აღნიშნა "გრონინგენის" სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა, დიკ ლუკიენმა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად ვან დაიკმაც გააკეთა. ნარინჯისფერთა და მერსისაიდული გრანდის უკანახაზელი აღნიშნავს, რომ მან ურთულესი წუთები გადაიტანა. "ის დღეები თავიდან არ ამომდის. მახსოვს თუ როგორ ვიწექი დასუსტებული და მტკიოდა მთელი სხეული. ჩემი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ იდგა. დედაჩემთან ერთად გამუდმებით ვლოცულობდი და ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავდი. ვალდებული ვიყავი დოკუმენტებისათვის მომეწერა ხელი, რათა გარდაცვალების შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის თანხა დედაჩემის ანგარიშზე დარიცხულიყო - არავის სურდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი", - აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა. ურთულესი დღეების გადალახვის შემდეგ, ვან დაიკი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს რომ ჰოლანდიის ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" 75 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

სხვა სტატიები