Belive

ვაკო ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოობისთვის იბრძვის

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. მას მერე, რაც კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ტურნირის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაიცებში საუკეთესოების გამოვლენა და სიმბოლური გუნდის შედგენა განიზრახეს, ნახევარდაცვის ხაზში კი კონკურენციაში 10 მოთამაშე შეიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ 28 წლის ქართველი შემტევია. "ულსან ჰიუნდაის" მერვე ნომერს ხმას გულშემატკივრები აძლევენ, რისი გაკეთებაც მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი. ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის წინ, MLS-ის ბინადარი "სან ხოსე ერთქიქსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სამხრეთ კორეული გუნდის მაისურით ვაკომ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რასაც ქვეყნის შიდა ჩემპიონატში 3-3 გოლი და საგოლე პასი ემატება. საკონტინენტო ტურნირზე ყაზაიშვილის გუნდს 100%-იანი შედეგი აქვს - ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 გამარჯვება, 18 ქულა და დაკავებული პირველი ადგილი, "ჰიუნდაი" მერვედფინალში, 14 სექტემბერს, იაპონური "კავასაკი ფრონტალეს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება კორეის ჩემპიონატს, აქ ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 ტურის შემდეგ დაგროვილი 45 ქულით ლიდერობს, თუმცა უახლოეს კონკურენტ "იეონბუკს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები