Belive

ვაკო ყაზაიშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

,,პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში. პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა. ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება,'' - წერს ყაზაიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

როგორც ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდი წერს, ,,შაბათის ფორმულამ'' მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებიან. წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორია ნოდარ ნიშნიანიძე, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძის გაბრაზების მიზეზი. ის ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ მასთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს - ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ნათესავი ფეხბურთელის უსამართლოდ დასჯის გამო, პასუხს ყველას მოსთხოვს.

სხვა სტატიები