Belive

ვან დაიკს "ოქროს ბურთზე" თანაგუნდელი არ ეხმარება

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" ერთ-ერთმა ლიდერმა სადიო მანემ თქვა, რომ როგორც სენეგალის ნაკრების კაპიტანმა "ოქროს ბურთზე" თანაგუნდელ ვირჯილ ვან დაიკს ხმა არ მისცა, რადგანაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი მიიჩნევს. ამ სეზონში მერსისაიდელთა ცენტრალური მცველი და "ბარსელონას" კაპიტანი ერთმანეთს ორი ჯილდოსთვის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ - უეფას საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჰოლანდიელმა არგენტინელს მოუგო ფიფას შემთხვევაში კი გამარჯვებული არგენტინელი გამოვიდა. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული დეკემბერში გამოვლინდება, სადაც ვან დეიკს თანაგუნდელის მხარდაჭერა არ ექნება. "არა, რა თქმა უნდა ვან დაიკი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბოდიში ვირჯილ, ამ შემთხვევაში მესი შენზე წინ უნდა დავაყენო",-თქვა მანემ. წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას, ჟურნალისტებთან ერთად, ხმის მიცემის უფლება ეროვნული ნაკრებების კაპიტნებსა და მთავარ მწვრთნელებს აქვთ. როგორც გაირკვა, მესიმ არჩევანი სწორედ მანეზე გააკეთა. სენეგალელმა ამის შესახებაც ისაუბრა: "შესანიშნავი კომპლიმენტია, როცა ხმას მესი გაძლევს. შეხედეთ, საიდან დავიწყე და სადამდე მოვედი. ყველაფერი, რაც აკადემიებში მოთამაშე ბავშვებს შემიძლია ვუთხრა, იშრომეთ ძლიერად და არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება". მანეს თანაგუნდელს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. "ლივერპულთან" ერთად მან პრემიერლიგაში სარეკორდო 97 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, ჰოლანდიის ნაკრებში კი ერთა ლიგის ფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები