Belive

ვან პერსი ფერგიუსონის, ვენგერის, მესისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ჰოლანდიის ნაკრების, "არსენალის," "მანჩესტერ იუნაიტედისა" ყოფილმა ლიდერმა და ახლა უკვე BT Sport-ის საფეხბურთო ანალიტიკოსმა განვლილი კარიერა გაიხსენა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

ვინ უფრო მეტი გავლენა მოახდინა: არსენ ვენგერმა თუ სერ ალექს ფერგიუსონმა?

"ჩემს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა არსენ ვენგერმა იქონია. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემთან ინდივიდუალურად მუშაობდა. მასთან მუშაობა იმ დროს დავიწყე, როდესაც ასაკით ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მან ჩემში პოტენციალი დაინახა და განვითარებაში დამეხმარა. ხანდახან ყველაფერი კარგად არ მიდიოდა - ვიღებდი წითელ ბარათს, ვუშვებდი შეცდომებს და ა.შ. თუმცა ვენგერი მეორე შანსს ყოველთვის მაძლევდა. რაც შეეხება ფერგიუსონს - მე მისი ხელმძღვანელობით თამაში მაშინ მომიწია, როდესაც უკვე პროფესიონალ ფეხბურთელად ვითვლებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ორ უდიდეს მწვრთნელთან მუშაობა მომიწია, ბევრი ფეხბურთელს ეს შანსი არ მისცემია.

ასტონ ვილასთან გატანილი გოლი თუ მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი თავური დარტყმა?

"ასტონ ვილასთან" გატანილი გოლი, რადგან მას დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ ეს პირველი მატჩი იყო და მას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია. რაც შეეხება "ასტონ ვილასთან" გატანილ გოლს, მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პრემიერ ლიგაში მდევრებს ქულებით ნამდვილად ვუსწრებდით, თუმცა ამ გამარჯვებამ, ჩვენ ინგლისში პირველობა მოგვიტანა.

სტადიონი: ჰაიბერი თუ ემირეითსი?

ჰაიბერი - ეს სტადიონი ნამდვილად ძალიან მიყვარდა. ჰაიბერი ზომით პატარა იყო და გულშემატკივარი მოედანთან ახლოს იმყოფებოდა. ემირეითსი ლამაზი სტადიონია, ნამდვილ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს, თუმცა ჰაიბერი ნამდვილი საფეხბურთო კულტურა და ისტორია იყო.

საუკეთესო მცველი: ტერი თუ ფერდინანდი?

ფერდინანდს და ვიდიჩს გაუვალი დაცვის ხაზი ჰქონდათ ფორმირებული. როდესაც ერთი მათგანი ბურთის ართმევას ცდილობდა, მეორეს ზონა უკვე დაზღვეული ჰქონდა. ისინი ყოველთვის გვერდიგვერდ თამაშობდნენ და ერთმანეთს აზღვევდნენ. რაც შეეხება ტერის - მის მოძრაობას წინასწარ ვერ განსაზღვრავდი. ხანდახან მჭიდრო დუელში შემოდიოდა, ხანდახან კი უბრალოდ თავისუფალ ზონებს გიზღუდავდა. თუმცა როდესაც ბურთის ასართმევად მოდიოდა, დამიჯერეთ, ნამდვილად რთული მეტოქე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერი ბინძური მოთამაშე არასოდეს ყოფილა. ორივე მათგანი უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ საუკეთესოდ ფერდინანდს დავასახელებ.

მთავარი დაპირისპირება: ლონდონური თუ მანჩესტერული დერბი?

რთული შეკითხვაა, კარიერის ძირითადი ნაწილი ლონდონში ვთამაშობდი. ჰოლანდიაშიც დიდი დერბი იმართებოდა, როდესაც "აიაქსი" "ფეიენორდის" წინააღმდეგ თამაშობდა. რეალურად, შეგრძნება ყველგან ერთნაირი იყო - დაძაბულობა, აგრესიულობა და გამარჯვების უშრეტი სურვილი.

რომელი უფრო ტექნიკური იყო: ანრი თუ რუნი?

ტიერი ანრი ვარჯიშზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც თვალით არასოდეს მენახა. ანალოგიურს ვფიქრობდი, როდესაც დენის ბერგკამპი ან პოლ სქოულზი გადაცემას აკეთებდნენ.

რომელი უფრო ცუდი მომენტი იყო: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხი თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა?

მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხი უფრო დრამატული იყო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჯერ ახალგაზრდა ვიყავი და შესაბამისად, არც მქონდა მოლოდინი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდი. საერთოდაც, ჩემპიონთა ლიგა ჩემი ტურნირი არასოდეს ყოფილა. შეიძლება სულელურად ჟღერს, თუმცა ინგლისის ლიგის თასზე "უიგანთან" მარცხი იმავე წელს ჩემთვის უფრო გამანადგურებელი იყო. იმ წელს, თასზე გოლები რეგულარულად გამქონდა, ჩვენ კი "უიგანთან" დამატებით დროში დავმარცხდით. ცხადია, გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგა გაცილებით მეტს ნიშნავდა.

მესი თუ რონალდუ?

ორივე მათგანს დიდ პატივს ვცემ. მათ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაუჯერებელი რამ შეძლეს. მათ შორის საუკეთესოს დასახელება გემოვნების საკითხია - ზოგ ადამიანს სუში მოსწონს, ზოგს მაროკოული სამზარეულო და ა.შ. ჩემთვის, მესი საუკეთესოა: ის უნიკალური ფეხბურთელია. რონალდუც თავის მხრივ უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა მესის თამაშის ყურება უფრო მეტად მიყვარს. ის მოედანზე ხელოვნებას ქმნის, მე კი ხელოვნების დიდი მოყვარული ვარ.

სხვა სტატიები