Belive

ვესტ ჰემი არნაუტოვიჩს ჩინეთში არ უშვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონური კლუბი "ვესტ ჰემი" ავსტრიელ თავდამსხმელს ვერ ელევა. გუნდის ხელმძღვანელობა უარს აცხადებს არნაუროვიჩის ჩინეთში გაშვებაზე. აზიელები ავსტრიელ ფეხბურთელში 35 მილიონ ფუნტს იხდიდნენ და სჯეროდათ, რომ თავად მოთამაშეც დათანხმდებოდა. ფეხბურთელის ძმა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტია, აცხადებს, რომ არნაუტოვიჩს სურს გუნდის დატოვება. თავის მხრივ "ვესტ ჰემის" ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მარკო არნაუტოვიჩს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და მის გაყიდვას "ჩაქუჩები" არ აპირებენ. "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მას სურს არნაუტოვიჩის შენარჩუბნება, რადგან ავსტრიელმა ამ სეზონში უკვე 8 ბურთის გატანა მოახერხა. თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის ძმამ. დანიელ არნაუტოვიჩის თქმით, მის ძმას ახალი გამოწვევები სჭირდება.
"ის გუნდის ლიდერია და კლუბმა ფანტასტიური შეთავაზება მიიღო. ამაზე უარი კი არ უნდა თქვას. მარკოს აღარ სურს გუნდში თამაში. მან კარგად იცის, რომ ვესტ ჰემის გულშემატკივრებს უყვართ და პატივს სცემენ, თუმცა გაგებით უნდა მოეკიდონ, რომ მარკო წავა" - განაცხადა დანიელ არნაუტოვიჩმა. მანუელ პელეგრინის კი ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. "ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა და განხილვას აღარ ვაპირებ. არნატოვიჩი ამ მომენტში ვესტ ჰემის ფეხბურთელია. მე კარგი მოთამაშეები მყავს და რომელიმეს გუნდიდან წასვლაზე ფიქრი არ მსურს. მე მინდა მისი შენარჩუნება, თუმცა არავინ იცის მომავალში რა მოხდება".
მარკო არნაუტოვიჩი "ვესტ ჰემში" 2017 წელს გადავიდა და "ჩაქუჩების" რიგებში ჩატარებულ 52 თამაშში 19 ბურთი გაიტანა. მანამდე ის "სტოკის" ღირსებას იცავდა, სადაც 4 სეზონი გაატარა. მონაწილეობა მიიღო 145 შეხვედრაში და მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო. ეროვნულ ნაკრებში ის 2008 წლიდან თამაშობს და 75 თამაშში 20 ბურთი აქვს გატანილი.  

სხვა სტატიები