Belive

ვიერი: "როცა მესი კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, კრისტიან ვიერიმ, "იუვენტუსთან" ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, ლიონელ მესი ჯადოქარს შეადარა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. ლიონელ მესიმ ჯერ დემბელეს გაატანინა, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, ტურინელთა კარი 11-მეტრიანი დარტყმით აიღო. ამასთან, არგენტინელის ანგარიშზე 65 შედეგიანი გადაცემაა, რომელთაგანაც 5-მა, მეტოქის საჯარიმოში სახიფათო მომენტი შექმნა.
მესის ბრწყინვალე პერფორმანსზე კრისტიან ვიერიმ CBS Sports-თან ისაუბრა: "ბარსელონას 6-7 გოლის გატანა შეეძლო, გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა. ვერც ვხვდები, როგორ წააგო ამ გუნდმა რეალთან. რაც შეეხება მესის, ის ჯადოქარია, ფეხბურთის ჰარი პოტერი. როდესაც ის კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ და Netflix-ს ჩავუჯდები, რადგან მესის წასვლის შემდეგ, ფეხბურთში საინტერესო აღარაფერი იქნება", - აღნიშნა ვიერიმ.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ "იუვენტუსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, საგოლე გადაცემების რაოდენობით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა: მესის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 35 ასისტი მოუგროვდა. პირველ ადგილს კი, 38 საგოლე პასით, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომელმაც მატჩი კორონავირუსის გამო გამოტოვა. მატჩი საინტერესო გამოდგა იმითაც, რომ ალვარო მორატამ "ბარსელონას" 3 გოლი გაუტანა, თუმცა მთავარმა არბიტრმა მას სამივე გოლი გაუუქმა.

სხვა სტატიები