Belive

ვილი სანიოლი: "ჩემი გეგმა ივნისის თვეში ოთხივე შეხვედრის მოგება იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"რებრენდინგი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება იყო და მე ამაზე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, თუმცა შემიძლია ეს ყველაფერი პოზიტიურად შევაფასო, რადგან გუნდში დადებითი ატმოსფერო შეიქმნა. უშუალოდ მოედანზე ეს განსაკუთრებულ გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ როგორც გულშემატკივარი, ისე გუნდი თავს საკუთარი იდენტობის ნაწილად ხედავს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სულისკვეთებაზე კარგად აისახება. ქვილითაია და ოქრიაშვილი სიაში იყვნენ და მათი დანაკლისი, რა თქმა უნდა მძიმეა, თუმცა ყველა ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელს შეუძლია გაუმჯობესება და ბოლო თვეებში დავინახეთ, რომ ყველა მოთამაშეს შეუძლია გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა. 100%-ით დარწმუნებული ვარ ჩემს არჩევანში და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს შემიძლია ვენდო. გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის და ამით ბედნიერი ვარ. იმედია, ტრავმირებული ფეხბურთელები მალე გამოჯანმრთელდებიან და სექტემბერში გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში დაგვეხმარებიან. ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი და მსგავსი ნაკრებები ძალიან გაძლიერდნენ და ისინი სუსტ ნაკრებებად აღარ მიიჩნევიან, რადგან ევროპული წარმატებული ნაკრებებისთვისაც საკმაოდ რთულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ. 10 დღეში ოთხი მატჩი გვაქვს და ეს მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, გვყავს ფეხბურთელების ვრცელი სია და იმედი მაქვს, ყველას ექნება თავისი შესაძლებლობების გამოვლენა. არ მინდა, რომ დღეს ბულგარეთის ნაკრების შესახებ ვისაუბრო. გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩი გველის და ამ შეხვედრაზე ვკონცენტრირდებით. საწვრთნელი პროცესის დროს ფეხბურთელებს შორის ფიზიკური მომზადების კუთხით განსხვავება გამოჩნდა, რადგან, ზოგიერთ მათგანს უფრო ახლო წარსულში უწევდა ვარჯიში, ზოგმა კი სეზონი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. შესაძლოა, გიბრალტართან შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშოს, ხოლო შემდეგ შეხვედრაში ტრიბუნაზე ჯდომა მოუწიოს, ეს ნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის. ჩემი უახლოეს გეგმას ივნისის თვეში ოთხივე შეხვედრის მოგება წარმოადგენს.  ასეთი ტიპის ტურნირებში კონკრეტული გეგმის ქონა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა დროის განმავლობაშ ითამაშებს, არ არსებობს. ზოგადად, როცა მოთამაშეებს ვიძახებთ, ვითვალისწინებთ მათ წარსულ და ამჟამინდელ მდგომარეობას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით ვიღებთ.  ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები