Belive

ვილი სანიოლი: "არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობდა ნაკრებში წლების განმავლობაში, მთავარი სათამაშო ფორმა და მოტივაციაა"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის თვეში გასამართი სანაკრებო შეხვედრებისთვის შერჩეული შემადგენლობის შესახებ, გუნდის სათამაშო ფორმისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"რაც შეეხება სერგო კუხიანიძის ეროვნულ გუნდში მოხვედრას, ის განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე ფორვარდია. ის მოწადინებულია გოლის გატანისთვის და ვფიქრობ მისთვისაც და ჩვენთვისაც ამ დონეზე მისი გამოცდა საინტერესო იქნება. ჩემთვის წარსული არ არის მნიშვნელოვანი და ის თუ რა ხდებოდა 3, 4 ან 5 წლის წინ, მთავარია ის თუ როგორ სათამაშო ფორმაშია ამჟამად კონკრეტული ფეხბურთელი, როგორია მათი მოტივაცია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეროვნული გუნდის კარი ყველა მოთამაშისთვის ღიაა. ვფიქრობ, გიორგი ქვილითაიას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მას ამის უფრო კარგად წარმოჩენა სჭირდება. ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში მოდის, 100%-ით უნდა ცდილობდეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. მან ამის გაკეთება პირველი შეკრების დროს სცადა, თუმცა ფიზიკური მონაცემებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თანამედროვე ფეხბურთი მოითხოვს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და იმედი მაქვს, გიორგი ამ ყველაფერს სწორად გაიგებს. ის პროფესიონალი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, მომავალში ჩვენს გუნდთან ერთად იქნება.  ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო და ამავე დროს, რთული სეზონი ჰქონდა. გარკევული მატჩები ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა უახლოეს შეხვედრებში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოემზადება. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც იმედი მაქვს, მომავალში ეროვნულ გუნდში ვიხილავთ. სამწუხაროდ, ჯაბა კანკავა ტრავმირებულია, ამ შემთხვევაში კაპიტნის სამკლაური გურამ კაშიას ეკუთვნის. ეს  ფეხბურთელები გუნდის მთავარი ლიდერები არიან, იმ შემთხვევაში, თუ კაშია ითამაშებს, ცხადია, გუნდს მოედანზე ის გაიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაპიტნის სამკლაურს ის მოთამაშე ჩაიბარებს, რომელიც ამას ყველაზე მეტად დაიმსახურებს. გიორგი ქოჩორაშვილი ძალიან საინტერესო მომავლის მქონე ფეხბურთელია და მომავალში, ის ჩვენი თვალთახედვის არეალში იქნება. ვლადიმერ მამუჩაშვილი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც საქართველოში საუკეთესო გუნდში თამაშობს, თუმცა მას აქვს მომავალი და ამ ეტაპზე მისი გამოძახება ნაადრევად ჩავთვალე. რაც შეეხება გიორგი ბერიძეს, ის ეროვნულ გუნდს მხოლოდ იმ მიზეზის გამო არ დაეხმარება, რომ წინ ამხანაგური მატჩები გვაქვს და ასეთ დროს სხვა ფეხბურთელების გამოცდას ვამჯობინებთ, ოფიციალურ შეხვედრებში კი ყველა მოთამაშეს გავითვალისწინებთ. გიორგი მაკარიძე ჩვენთან იმის გამო არ არის, რომ მის კლუბს ესპანეთში, ლა ლიგაში ასასვლელი პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. რაც შეეხება სხვა მეკარეებს, წინასწარვე გეტყვით, რომ ლაზარე კუაპატაძე ერთ შეხვედრას აუცილებლად ითამაშებს. მეორე შეხვედრაში როგორც ლორიას, ისე მამარდაშვილის კანდიდატურას განვიხილავთ, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ამ საკითხზე გადწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია ესპანეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, მე გია გრიგალავასთან საუბარი მქონდა, ის არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რის მერეც, მან ეროვნული გუნდი დატოვა და საბერძნეთთან მატჩში ის ჩვენთან ერთად აღარ ყოფილა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მოტივაცია უნდა იყოს თამაშის დამსახურება და ამისთვის ყოველდღიურად უნდა შრომობდეს. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის, თუმცა ეროვნულ გუნდში კონკურენციის გაზრდას ვემხრობი არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვიჩა კვარაცხელია, უბრალოდ ვისურვებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს და წარმატება ჰქონდეს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
"ჯვაროსნები" 2 ივნისს რუმინეთის, ხოლო 6-ში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები