Belive

ვილი სანიოლი: "ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, რუბინის განცხადების მიუხედავად, ის ნაკრებს ვერ დაეხმარება "

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, და "ბათუმი არენაზე" ისტორიაში პირველ შეხვედრას გამართავს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"სატრანსფერო ფანჯრის შეფასება ამ მომენტში არ შემიძლია, რადგან ის სულ ახლახანს დაიხურა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ კლუბში გადავიდნენ, მაგრამ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი იქ თავის შესაძლებლობებს. ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რასაც მამარდაშვილი "ვალენსიაში" აკეთებს. სამ სამ ფიციალურ მატჩში თამაშისას მან საკმაოდ დიდი გამოცდილება და ხარისხი შეიძინა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ერათ-ერთი გოლკიპერი ასეთ დიდ კლუბში თამაშობს. თუმცა, გიორგი ლორია ამ გუნდის ნომერ პირველი მეკარეა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ ჩემი აქ მოსვლის დღიდან და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც, შეიძლება რამე შევცვალო. დიდი იმედი მაქვს, მამარდაშვილი გააგრძელებს პროგრესს "ვალენსიაში" და მას შანსი აუცილებლად მიეცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს ლაზარე კუპატაძეც, რომელსაც რუმინეთში თამაშის შანსი მივეცით და ფანტასტიკური შეხვდრა ჩაატარა. მიხარია, რომ მეკარის პოზიციაზე ამხელა კონკურენცია გვაქვს. ხვიჩა კვარაცხელიას აქვს მიკრო-ტრავმა, რის გამოც ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. ჩვენ თავდაპირველად იგი სანაკრებო სიაში იმ იმედით შევიყვანეთ, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. კლუბის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. უნდა შევეცადოთ, რომ ხვალინდელი თამაში ხვიჩას გარეშე მოვიგოთ. ჩვენ ყველას ეს სპორტის სახეობა გულშემატკივართან ერთად გვიყვარს. ამიტომაც, ძალიან სამწუხაროა, რომ ქომაგები ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ. ესპანეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, ესპანეთზე ფიქრი ნაადრევია, რადგან წინ კოსოვოსთან შეხვედრა გველის, რომელიც ამ მომენტში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და 3 ქულის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ. კოსოვო ერთ-ერთი უახლესი საფეხბურთო ქვეყანაა. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც კარგი ჩემპიონატის კარგ კლუბებში თამაშობენ. მეტოქეს პატივს ვცემთ და მატჩისთვის 100%-ით მზად ვართ. ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და მას ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მაყურებელი არ დაესწრება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები