Belive

ვილი სანიოლი: "ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა და მოედანზე ფრის სათამაშოდ არ გავალთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად, თუ ვინმე თვლის, რომ ფავორიტი მაკედონიის ნაკრებია, ეს მე პრობლემას არ მიქმნის და წნეხის ქვეშ არ მაყენებს.

ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჯგუფში საუკეთესო გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნებოდა. შესაბამისად, მათ ფავორიტად მივიჩნევდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ და მოედანზე ამ ამოცანის შესასრულებლად გავალთ.

შეუძლებელია თამაში ფრედ დასრულების მიზნით დაიწყო. საბოლოო ჯამში, ასეთი მცდელობები წარუმატებლად სრულდება. იმისთვის, რომ წარმატება მოვიდეს, ისევე კარგად უნდა ვიმუშავოთ, როგორც ივნისის თვეში. განსაკუთრებით თავდაცვით ასპექტში. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ და ისე მივუდგებით, როგორც ივნისის თვეში, მაშინ ფსონების დადება არ მიყვარს მაგრამ ვიტყვი, რომ შედეგი ჩვენთვის სასარგებლო იქნება.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიხარულოა, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში, თანაც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, თუმცა ეს მცირე ხნის წინ ასე არ იყო. ამისთვის, ქართულ კლუბებს და ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი.

მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ დილით მივიღებ. ის ჯანსაღი გარემო, რომელიც გუნდშია ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას აძლევს ფეხბურთელებს, რომ თამამად და თავდადებით ითამაშონ. ეს ალბათ საქართველოს ნაკრებში ახალი თაობის პროგრესია. ერთადერთი რისკი არის ის, რომ ფეხბურთელები საქმის კარგად წასვლის შემთხვევაში არ მოდუნდნენ. ჩვენი, როგორც მწვრთნელების დავალება ამ სიტუაციაში სწორედ ეს არის. ყველა საფეხბურთო მატჩი ახალი ისტორიაა. თუ ხარ მზად ყველანაირად თითოეული მატჩისთვის, წარმატება აუცილებლად მოვა", - თქვა ვილი სანიოლმა. 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები