Belive

ვილი სანიოლი: "დიდ კლუბში მითხრეს, კვარა რომ პრეზიდენტს შევთავაზო, სამსახურს დავკარგავო"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ფრანგული მედია-საშუალება RMC Sport-ის ეთერში ეროვნული გუნდისა და იტალიური "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"იმისთვის, რომ კვარაცხელიათი უცხოური კლუბები დაინტერესებულიყვნენ, მისთვის ლათინური ზედმეტსახელის შერჩევაც კი მთხოვეს. მაშინ, როცა ერთ-ერთი დიდი კლუბის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ კვარაცხელიას შეძენას თავის პრეზიდენტს შესთავაზებდა, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

დიახ, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებები, მაგრამ ფრანკ რიბერისა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის არსებობს ბევრი მსგავსება. როცა იგი 21 წლის იყო, ბურთს არ იშორებდა და ყოველთვის წინ იყურებოდა. კვარაცხელიაც ასეთია. მასაც იგივე სურვილები ამოძრავებს.

იტალიაში გადასვლიდან 3-4 თვის შემდეგ უკვე სათამაშო ხარისხს აუმჯობესებს. იგი აქამდე გოლების გატანის განსაკუთრებული უნარით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შეხედეთ დღეს მის სტატისტიკას - 12 მატჩი 6 გოლი და 4 საგოლე პასი.

კვარაცხელიას უყვარს დარტყმა, მაგრამ კარგია, რომ კომბინირებულ თამაშში უმატებს. ამავე დროს, ის არ უნდა იყოს ჩაკეტილი და პროგნოზირებადი. ეს ბალანსი მან თავად უნდა იპოვნოს", - თქვა 45 წლის სპეციალისტმა.

21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებს აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს.

სხვა სტატიები