Belive

ვილი სანიოლი: "წლის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანია და უზბეკეთთან ბევრი ცვლილება არ იქნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამხანაგურად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა დაუპირისპირდეს, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
"ჩემთვის, შვედეთთან წარმატების მთავარი გასაღები გუნდის სულისკვეთებაა. ასევე, ძალიან კარგად დაცული დისციპლინა. მე სრულფასოვნად ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელებით და მათ მიერ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში განხორციელებული ქმედებებით. შვედეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, ისინი გაოცებულნი დარჩნენ ჩემი გუნდის თამაშით. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ იყო, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი თამაში იყო და მე კმაყოფილი ვარ ჩვენ ვცდილობთ, რომ სტანდარტული სიტუაციების დამუშავებას ვარჯიშისას მეტი დრო დავუთმოთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბევრი დრო ამისთვის, რადგანაც გვაქვს განსაზღვრული დრო იმისთვის, რომ ვარჯიშები ჩავატაროთ. რაც შეეხება კონკრეტულად შვედეთის წინააღმდეგ გატანილ გოლს, აქ ოქრის ინსპირაცია უფრო მეტი იყო, ვიდრე რაიმე წინასწარ დაგეგმილი. გვიხარია, რომ კოსოვოს და შვედეთის დამარცხება მოვახერხეთ, ახლა კი უზბეკეთთან მატჩი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ მუშაობა რაღაც ახლის შესაქმნელად და თავდაჯერებული, ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, მაშინ წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამის შესახებ აქამდე ბევრჯერ გვითქვამს. ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტაბილურად მათზე დაკისრებული მოვალეობის გართმევა უჭირთ. კარგია, რომ ხვიჩა ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შედის და ვარჯიშებზე ხშირად იღიმის. მომავალში, სტაბილურობის შესახებ თუ ვისაუბრებთ, ეროვნული გუნდისთვის ამის შენარჩუნება რთულია, რადგან ბევრი რამ მუდმივად იცვლება, ასევე ემატება ტრავმები და თვეების განმავლობაში ერთ დონეზე თამაში რთულია. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო მატჩებში, გუნდმა იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მოედანზე, რაც სტაბილურობის გარანტია. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ვცდილობ ვიყო სამართლიანი და ობიექტური, მიუხედავად იმისა, ვისთვის მოსაწონი იქნება და ვისთვის არა. პირველ რიგში, ფეხბურთელების მოტივაციას და მზადყოფნას ვითვალისწინებ. მხედველობაში ის ფაქტიც უნდა მივიღოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ორი წელიწადი გაუცდა. ჩაკვეტაძემ არ ითამაშა იმიტომ, რომ ვარჯიშებზე მან მე ვერ მაჩვენა, რომ ის ამას იმსახურებდა. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მე ასეთებთან მუშაობა მიხარია, მაგრამ ნიჭი საქმის მხოლოდ 20%-ს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, გიორგის უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და იმედი მაქვს, მომავალი წლისთვის ის ამის ჩვენებას მოახერხებს. ასევე, მიხარია, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში პირველად მოხდა ისე, რომ შემტევ ფეხბურთელებს შორის ჯანსაღი კონკურენცია ვიხილე. უზბეკეთის წინააღმდეგ ბევრი ცვლილება არ იქნება, რადგანაც ვითვალისწინებთ მატჩის მნიშვნელობას და გვსურს წელი გამარჯვებით დავასრულოთ, თუმცა ვფიქრობ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხბურთელებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გვექნება. აქამდე შემადგენლობის, ფორმაციის და ახალი ფეხბურთელების გამოცდისთვის არცისე დიდი დრო გვქონია, ამიტომ, შემადგენლობა ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაკომპლექტდება. ფეხბურთი პირველ რიგში ეფუძნება იმ სიყვარულს, რომელიც მის მიმართ გაგვაჩნია და ვერ ვხვებით, რომ გარკვეული შედეგის დადებას დრო სჭირდება. ეს სახლის შენებას არ ჰგავს, როცა ზუსტად იცი პირველი აგურის დადებიდან ბოლომდე რამდენი დრო დაგჭირდება. პირადად მე, ამ შესარჩევ ჯგუფში იმას მივაღწიე, რისი გაკეთებაც მსურდა, ჩემი გუნდის 99%-ს უკვე ზუსტად ესმის რა მსურს მე და რისი გაკეთება გვსურს მოედანზე, ეს უკვე კარგია. არ მინდა ვთქვა, რომ ახლა მთელი კონცენტრაცია ერთა ლიგაზე გვაქვს, რადგანაც ეს ტურნირი ივნისში იწყება, ახლა კი ნოემბერია და იქამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს", - თქვა ვილი სანიოლმა.

სხვა სტატიები