Belive

"ვილისთან ერთად, ამ გუნდს მომავალი აქვს" - ლევან კობიაშვილმა წლის პირველი სანაკრებო პაუზა შეაფასა 

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში", ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მიერ ჩატარებული სამი შეხვედრა შეაფასა და ვილი სანიოლის მუშაობის შესახებაც ისაუბრა.
პირველი ჩნდება კითხვა, რა ფეხბურთს თამაშობს გუნდი. ეს ფეხბურთელებმა მოკლე პერიოდში გაიგეს. მე დარწმუნებული ვარ, ვილისთან ერთად ამ გუნდს მომავალი აქვს. მიხარია, რომ სამწვრთნელო სტაფის და გუნდის ერთიანობამ კარგად იმუშავა. ცხადია, სანიოლი რაღაცებში კმაყოფილია, რაღაცებით კი უკმაყოფილოა.  მისასალმებელია, რომ სათამაშო დისციპლინის მხრივ პოზიტივი იყო. თუმცა, პრობლემები გვაქვს და ვილი სანიოლისთან ამაზე ვისაუბრეთ. ვიცით, რომელია ჩვენი ნაკრების მტკივნეული ადგილები და რა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. პირველი ორი მატჩის დასანანი წაგების შემდეგ ვილიმ და მისმა სამწვრთნელო სტაფმა გუნდთან ფსიქოლოგიურად კარგად იმუშავა. ორი ურთულესი თამაში წავაგეთ და იყო იმედგაცრუება. წასაგები მატჩები არ იყო. გუნდთან ფსიქოლოგიური მუშაობა იყო საჭირო საბერძნეთთან, რომელიც დასვენებული იყო და სახლში თამაშობდა. ამას დაემატა გასვლაზე გაშვებული გოლი. მაგრამ ამის შემდეგ შევუტიეთ და გოლის გატანა მოვახერხეთ. ამის შემდეგ ჩვენ უფრო ვიყავით გუნდი, რომელსაც მოგება სურდა და სჯეროდა. ნაკრებში იყვნენ დებიუტანტები – ჩაბრაძისა და გიორბელიძის დამატება ნამდვილად პოზიტივი იყო და მათ გუნდი გააძლიერეს. მიხარია, რომ ეს შანსი გამოიყენეს. არიან სხვა ფეხბურთელებიც და მერწმუნეთ, უახლოეს მატჩებში კიდევ გამოჩნდებიან მოთამაშეები, რომელთაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. ეს არის ნიშანი სხვებისთვისაც, რომ ნაკრებში მოხვედრა მათაც შეუძლიათ ცხადია, ანანიძის დაბრუნება ძალიან გაგიხარდება მაგრამ ეს უპირველესად მის ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომელიმე ფეხბურთელზე უარი ვთქვათ. სანაკრებოდ სხვა ხარისხია და სხვა კონდიციებია საჭირო და იმედია, ფორმას მალე აღიდგენს. ყაზაიშვილს რაც შეეხება, ის ახალ ქვეყანაშია, ორი კვირა კარანტინში იყო, აქ ჩამოსვლით მორიგი პრობლემა შეექმნებოდა და მოკლედ, მისი გადაადგილება პრობლემური იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ის მომავალში ნაკრებს გამოადგება. სამწუხაროდ, ტრავმების გამო წიტაიშვილი და მიქაუტაძე ვერ დაგვეხმარნენ. იმედია, შემდეგი თამაშებისთვის ყველა ჯანმრთელად იქნება და დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალში გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება. კვარაცხელიათი დაინტერესებული გუნდების შესახებ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ სკაუტები არა მხოლოდ ამ მატჩების შემდეგ, აქამდეც ხშირად აწუხებდნენ – ეს ძალიან კარგია და გაგვიხარდება, რაც უფრო ძლიერ ჯგუფში მოხვდება. ზოგადად, ძალიან გვიხარია, რომ ჯგუფის თამაშებში ძალიან კარგი იყო, ჯანმრთელობას ვუსურვებ და ვქომაგობთ, რომ უკეთეს გუნდში მოხვდე. სფფ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები, ივნისის თვეში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, თანაც ევრო 2020-ს მონაწილესთან: "შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს აუცილებლად ჩავატარებთ. ამის შესახებ უახლოეს დღეებში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ. დღეს მეტოქის დასახელებაზე თავს შევიკავებ. მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხდებით, რომელსაც სავარაუდოდ, 6 ივნისს გასვლაზე ვეთამაშებით. ეს არის ძლიერი ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენთვის ამ გუნდთან თამაში ძალიან კარგი იქნება“", - თქვა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები