Belive

ვინ არის მილანის €35 მილიონად შეძენილი ვუნდერკინდი?

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ფლამენგოს" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც კაკას ადარებენ, ახლა უკვე იტალიური "მილანის" ფეხბურთელია - "როსონერის" ხელმძღვანელობა დაიმედებულია, რომ ლუკას პაკეტა "სან სიროზე" ისეთივე ისტორიას დაწერს, როგორც ეს კაკამ მოახერხა. "მილანმა" 21 წლის ლუკას პაკეტაში საკმაოდ სოლიდური თანხა, €35 მილიონი გადაიხადა. პერსპექტიულ ნახევარმცველთან დაკავშირებით კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემაც გააკეთა: "ლუკასი ფეხბურთს ზუსტად ისე უყურებს, როგორც ნეიმარი და კოუტინიო," აღნიშნა "სელესაოს" ხელმძღვანელმა. ლუკას პაკეტას ნაკრებში დებიუტი სექტემბერში ჰქონდა - მან ბრაზილიის ნაკრების მაისური უკვე 2-ჯერ მოირგო: "სალვადორთან მატჩში პაკეტა ნეიმართან ისე კომბინირებდა, თითქოს მათ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ერთად ნათამაშები," დაამატა ტიტემ. აღსანიშნავია, რომ პაკეტას შეძენით "ბარსელონა" და "რეალი," და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდნენ. თუმცა ახალგაზრდა ტალანტისთვის ბრძოლა "მილანმა" მოიგო, ხოლო "ფლამენგოს" ანგარიშზე €35 მილიონი გადაირიცხა. სოლიდური თანხის მიღების მიუხედავად, პაკეტას გაშვება "ფლამენგოსთვის" მარტივი არ ყოფილა, რადგან ბრაზილიელი გუნდის წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. გასულ სეზონში პაკეტამ "ფლამენგოს" მაისურით 65 მატჩი ჩაატარა (იგულისხმება ყველა ტურნირი), სადაც მან 13 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. გასულ სეზონში იგი ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციებს ითავსებდა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ მის მთავარ ფუნქციას შეტევის მართვა წარმოადგენს. საინტერესოა, რომ პაკეტასთან დაკავშირებით განცხადება თავად კაკამაც გააკეთა: "ის არის ფეხბურთელი, რომელსაც წინ მრავალი გამარჯვება და ნათელი მომავალი ელოდება. უმჯობესი იქნება, თუკი შედარებებისგან თავს შევიკავებთ - გავიგე რომ პაკეტას მე მამსგავსებენ და ასევე, მას პატოს, რონალდინიოს, რივალდოს ადარებენ. თუმცა ჯობს რომ მას მშვიდად თამაშის საშუალება მივცეთ," აღნიშნა კაკამ.

სხვა სტატიები