Belive

ვინ იქნებოდნენ "ოქროს ბურთის" მფლობელები, რომ არა მესი და რონალდუ

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
თანამედროვე ფებურთის ეპოქას თავისუფლად შეგვიძლია მესი-რონალდუს ეპოქა ვუწოდოთ. ისინი არიან ორი ბრწყინვალე მოთამაშე, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი სამუდამოდ დაიკავეს. მესისა და რონალდუს მიღწევების, მათი რეკორდების, მოგებული ტიტულების თუ ინდივიდუალური ჯილდოების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორც ცნობილია, "ბარსელონას" არგენტინელ სუპერვარკვლავს "ოქროს ბურთის" ჯილდო კარიერაში ექვსჯერ აქვს მიღებული, ხოლო "იუვენტუსის" პორტუგალიელ თავდამსხმელს - ხუთჯერ. მესიმ და რონალდუმ France Football-ის პრესტიჟული ჯილდო ბოლო 12 წელიწადში 11-ჯერ მოიგეს. ვერავინ იტყვის, რომ მათ ეს არ დაუმსახურებიათ. წლების მანძილზე ორივე მათგანმა უმაღლესი დონის ფეხბურთი და არაერთი საოცრება შემოგვთავაზა. საინტერესო იქნება ვნახოთ, ვინ მოიგებდა "ოქროს ბურთის" ჯილდოს მესისა და რონალდუს ფეხბურთის თამაში რომ არ გადაეწყვიტათ. ESPN-მა დათვალა "ოქროს ბურთის" დაჯილდოებისას მოთამაშეების მიერ მიღებული ხმები და დაადგინა, თუ რომელი ფეხბურთელები მიიღებდნენ ამ პრესტიჟულ ჯილდოს, რომ არა მესი და რონალდუ. 2008: ფერნანდო ტორესი 
იმ დროისთვის ფერნანდო ტორესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანი იყო. ესპანელმა ფორვარდმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გერმანიის ნაკრებთან გამარჯვების გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს ნანატრი ტიტული მოუტანა. გარდა ამისა, ტორესმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 46 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.
2009: ხავი
ხავი ერნანდესმა "ელ კლასიკოში", სადაც "ბარსელონამ" მადრიდში "რეალი 2:6 გაანადგურა, 4 საგოლე გადაცემა შესარულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლეო მესი ბრწყინვალე გადაცემით მოამარაგა. ეს ორი ფაქტი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ჩამონათვლისა, რის გამოც "ოქროს ბურთი" 2009 წელს სწორედ ხავის უნდა მიეღო.
2010: ანდრეს ინიესტა
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ანდრეს ინიესტამ ნიდერლანდების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და პირველად ისტორიაში ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. 2010 წლის სეზონში ინიესტა "ბარსელონაშიც" ბრწყინვალედ ასპარეზობდა, თუმცა მაშინ "ოქროს ბურთის" ჯილდო ლეო მესის გადასცეს, რაც ბევრის აზრით უდიდესი უსამართლობა იყო.
2011: ხავი 
2011 წელს "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო გუნდს უწოდებდნენ ამაში კი ხავი ერნანდესის დამსახურება განუსაზღვრელი იყო, კატალონიელთა თამაშს ცენტრიდან სწორედ ლეგენდარული ესპანელი ხელმძღვანელობდა.
2012: ანდრეს ინიესტა
იმ პერიოდში "ბარსელონას" ნახევარდაცვის დუეტის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ანდრეს ინიესტა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა ტიტული წარმატებით დაიცვა და ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.
2013: ფრენკ რიბერი
გულშემატკივრების უმეტესობას დღემდე მიაჩნია, რომ 2013 წელს რიბერის "ოქროს ბურთის" ჯილდო უბრალოდ მოპარეს, რადგან იმ სეზონში "ბაიერნის" რიგებში ფრანგმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის, გერმანიის თასის და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეძლო, ამასთან რიბერი "ბაიერნის" 2013 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
2014: მანუელ ნოიერი
2014 წელს მანუელ ნოიერმა საოცარი სეზონი ჩაატარა და გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ნოიერმა იმ წელს "ოქროს ხელთათმანის" მოგება შეძლო. 2015: ნეიმარი 
2015 სეზონში ნეიმარმა ბრწყინვალედ იასპარეზა "ბარსელონას'' შემადგენლობაში და კარიერაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიგო.
2016: ანტუან გრიზმანი
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გრიზმანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის გახდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის "საუკეთესო მოთამაშე" და ტურნირის ბომბარდირი. გარდა ამისა, გრიზმანმა 2016 წელს "ატლეტიკოში" ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა.
2017: ნეიმარი
2017 წელს ნეიმარმა France Football-ის რჩეულთა სამეულში მოხვდა, თუმცა "ოქროს ბურთი" კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო.
2018: ლუკა მოდრიჩი   
2018 წელს მოდრიჩს იმის წარმოდგენა არ დასჭირდა, თუ ვინ მოიგებდა "ოქროს ბურთს", რომ არა მესი და რონალდუ, რადგან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის შემდეგ აღნიშნული ჯილდო სწორედ ლუკას გადაეცა.
2019 : ვირჯილ ვან დაიკი
2019 წელს "ოქროს ბურთი" ლიონელ მესის გადაეცა, თუმცა ბევრი თვლიდა, რომ აღნიშნულ ჯილდოს "ლივერპულის" ცენტრალური მცველი იმსახურებდა, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.  

სხვა სტატიები