Belive

ვიქტორ მასლოვი: ადამიანი, რომელმაც 4-4-2 ტაქტიკა შექმნა და პრესინგი ახალ დონეზე აიყვანა

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში არსებული თითოეული ტაქტიკური ხედვა, წარსულში ჩამოყალიბებული ინოვაციური იდეების მოდიფიცირებული ვერსიაა. ხშირად, როდესაც "დიდ ინოვატორებზე" ვსაუბრობთ, მაშინვე რინუს მიხელსი და იოჰან კრუიფი გვახსენდება, მაგრამ 20-ე საუკუნეში იყო არაერთი მნიშვნელოვანი, შედარებით მივიწყებული ფიგურა, რომელმაც საფეხბურთო ევოლუციაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ვიქტორ მასლოვი: ადამიანი, რომლის გავლენაც თითოეულ საფეხბურთო მატჩში ვხედავთ. სპეციალისტი, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგში ყოველთვის არის წარმოდგენილი. როგორც ფეხბურთელი, მასლოვი "მოსკოვის ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ამპლუით ნახევარმცველმა, კარიერა 1942 წელს, II მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დაასრულა.

4-4-2-ის დაბადება და პრესინგის დანერგვა

1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, ვისენტე ფეოლას გაწვრთნილი ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გახდა. გუნდი 4-2-4 სისტემით თამაშობდა, სადაც გამოკვეთილ ორ ფორვარდს ფლანგიდან ორი გარემარბი ეხმარებოდა. იმ პერიოდში მიიჩნევდნენ, რომ 4-2-4 იდეალური საფეხბურთო სისტემა იყო, თუმცა ვიქტორ მასლოვი მიიჩნევდა, რომ მისი ფორმაციის გუნდი უნდა დააკომპლექტებინათ ფეხბურთელებს, რომლებიც ინდივიდუალურ როლებს შეითავსებდნენ. მისი მოთხოვნით, გარემარბები განაპირა ნახევარმცველებად იქცნენ, რომლებიც სამუშაოს როგორც წინა ხაზში, ასევე ნახევარდაცვასა და დაცვაშიც ასრულებდნენ. როგორც ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და სპორტული პუბლიკაციების ავტორი, ჯონათან უილსონი აღნიშნავს, 4-4-2 სწორედ მასლოვის ინოვაცია იყო. ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი არის ის, რომ სისტემა 4-4-2 ინგლისური ფეხბურთს უკავშირდება. ალფ რემზის მიერ გაწვრთნილმა ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ აღნიშნული ტაქტიკით მოიგო და შედეგად, ინგლისურმა კლუბებმა ადაპტაცია სწორედ ამ ტაქტიკაზე დაიწყეს. თუმცა რეალურად, 4-4-2 სისტემა მასლოვის ხელში უკვე დანერგილი იყო.

4-4-2 სისტემა იყო დამატებითი საშუალება განაპირა მცველებისთვის, თავისუფლად წასულიყვნენ შეტევაში, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ გათავისუფლებულ ზონას ნახევარმცველები აზღვევდნენ. რაც შეეხება ცენტრალურ ნახევარდაცვას, აქ ორი ფეხბურთელი მოქმედებდა: ერთის ფუნქციები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო, ხოლო მეორე კი, გამთამაშებლის როლს ითავსებდა. მასლოვი მიიჩნევდა, რომ მოწინააღმდეგის ინდივიდუალურად აყვანა დროის ფუჭი კარგვა იყო და სანაცვლოდ, ბურთის ართმევის იდეალურ მოდელად თავისუფალი ზონის შეზღუდვას მიიჩნევდა - იმას, რასაც დღეს პრესინგს ვუწოდებთ. თანამედროვე ფეხბურთში, პრესინგი არავის უკვირს: ზოგიერთი პრესინგის განვითარებას რინუს მიხელსს მიაწერს, ზოგიერთი კი ერნტ ჰაპელს, თუმცა უდავო ფაქტია რომ პრესინგის განვითარებაში, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მასლოვსაც აქვს შეტანილი. მასლოვის მიდგომით, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი მაქსიმალურად იყო დაცული და გუნდის შედეგიანობა ერთიან სისტემაზე უფრო მეტად იყო დამოკიდებული, ვიდრე ინდივიდუალური შემსრულებლების ოსტატობაზე.

მასლოვი - ინოვატორი თუ კარგი მწვრთნელი?

ინოვატორი და ადამიანი, რომელმაც სხვა სპეციალისტებზე გავლენა იქონია - მასლოვი სწორედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ. სპეციალისტი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა სწორად კვებისა და რეაბილიტაციის საკითხს, რაც იმდროინდელ ფეხბურთში იშვიათი მოვლენა იყო. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მასლოვი დროს უსწრებდა. მისი ხელმძღვანელობით, "დინამო კიევმა" ისტორიაში პირველად, ტოტალური ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ მასლოვის მიდგომები გუნდურ წარმატებებში ნაკლებად იყო ასახული. უფრო სწორედ, წარმატებას დრო დასჭირდა, თუმცა დიდხანს არც გაგრძელებულა: მასლოვის ხელმძღვანელობით, "დინამო კიევი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში (1966-68) იგებდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი მას შემდეგ დატოვა, რაც "დინამო კიევმა" ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა (1970). 1970 წელს, "დინამო კიევიდან" წამოსვლის შემდეგ, მასლოვი "მოსკოვის ტორპედოში" დაბრუნდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 2 წლის შემდეგ, რუსი სპეციალისტი "ერევანის არარატს" ჩაუდგა სათავეში, სადაც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასის მოგება შეძლო (1975). ეს მისი ბოლო სეზონი იყო. კარიერის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ, მასლოვი გარდაიცვალა, "დინამო კიევის" ახალ წარმატებებს კი სათავე ვალერი ლობანოვსკიმ დაუდო - უკრაინელმა სპეციალისტმა, რომელიც კიევური გუნდის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად არის მიჩნეული.

სხვა სტატიები