Belive

ვიქტორ ოსიმენი: "კვარა წარმოუდგენელი მოთამაშეა, ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთან ერთად იზრდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლურ მედია-საშუალება kisskissnapoli-ისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე.

"ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი და წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა.

კვარას უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურად ძლიერ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მითამაშია, როგორიცაა ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი. ისინიც ტექნიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, გუნდისთვის ფუნდამენტური ძალების მქონე მოთამაშეა.

ის იმსახურებს ყველა ჯილდოს, რასაც იღებს და კიდევ უფრო მეტს ვუსურვებ, რადგან ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ მოედანზე ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით, ის გოლების გატანაში მე დიდ დახმარებას მიწევს. მთლიანობაში, ჩვენი მოქმედებები ურთიერთსასარგებლოა. ბედნიერი ვარ, რომ ის "ნაპოლისთან" ერთად იზრდება. არ მგონია, რომ მას იმაზე მეტი უნდა მოვთხოვოთ, ვიდრე აკეთებს, მაგრამ ველი, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრ პოზიტიურ რამეს მოგვცემს", - თქვა 24 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა.

21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება მის გუნდს, ნეაპოლელები სერია A-ს 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 47 ქულით და უახლოეს მდევარ "მილანთან" 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალურ ეტაპზე არიან გასულები და ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები