ვისენტე ნავარო: უსინათლო ადამიანი, რომელიც ვალენსიას თამაშებს არასოდეს ტოვებდა

კორონავირუსის (Covid-19) საფრთხის გამო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა მატჩებმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა. ვალენსია-ატალანტას შეხვედრას ტრიბუნიდან მხოლოდ 1 ადამიანი ადევნებდა თვალს: უფრო სწორად, მერვედფინალურ შეხვედრას ტრიბუნიდან ვისენტე ნავაროს ძეგლი უყურებდა.

ვისენტე ნავაროს “ვალენსიას სულს” უწოდებენ. “ვალენსიას” ერთგულმა ქომაგმა, 54 წლის ასაკში მხედველობა სრულიად დაკარგა, თუმცა ამის მიუხედავად, “ვალენსიას” საშინაო შეხვედრა ერთხელაც არ გამოუტოვებია.

“ღამურების” ერთგული გულშემატკივარი “მესტალიაზე” ყოველთვის მე-15 რიგში, 164-ე სკამზე იჯდა. ნავაროს გვერდით ყოველთვის მისი შვილი იმყოფებოდა, რომელიც უსინათლო მამას მოედანზე მიმდინარე ამბებს უყვებოდა. ნავარო კი ზეიმობდა გატანილ გოლებს და ბრაზობდა, როდესაც “ვალენსიას” კარში გოლი გადიოდა – იქცეოდა როგორც სტადიონზე მყოფი თითოეული “ვალენსიას” ქომაგი.

ვისენტე ნავარო 2016 წელს გარდაიცვალა. 3 წლის შემდეგ, “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ერთგული გულშემატკივარისთვის პატივი მიეგო და ამისათვის, ტრიბუნაზე, მე-15 რიგში, 164-ე სკამზე, სპეციალური ძეგლი განთავსდა.

“მისი ძეგლი გამოხატავს იმ დამოკიდებულებას და უდიდეს გრძნობას, რომელიც გულშემატკივრებს ჩვენს გუნდთან აკავშირებს. 164-ე სკამი იქნება სიმბოლო იმისა, თუ რას ნიშნავს, გულშემატკივრობდე ვალენსიას,” ვკითხულობთ გუნდის განცხადებაში.

ვისენტე ნავარო: უსინათლო ადამიანი, რომელიც ვალენსიას თამაშებს არასოდეს ტოვებდა 1

(785)

ვისენტე ნავარო: უსინათლო ადამიანი, რომელიც ვალენსიას თამაშებს არასოდეს ტოვებდა

სტატიის ავტორი
-