ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს?

გახსოვთ ამონარიდი ქეცბაია-მინაშვილის ერთ-ერთ ეპიკური ინტერვიუდან?

– ეს ვისი ბრალია?

– ვისი ბრალია?

– ვისი ბრალია?

– ნუ, ვისი ბრალია, მითხარი.

– ფედერაციის.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, სწორედ ეს კითხვა მიტრიალებს თავში.

ჩემს კითხვაზე პასუხად, სოციალური ქსელი აფეთქდა: ყველა იმას იწერება, ვაისი არაფრისმცოდნე მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებს არასწორად არჩევს და შეცვლებს აგვიანებსო.

ჰო, მართლა უცნაური იყო: მეორე ტაიმის და განსაკუთრებით, გოლის გაშვების შემდეგ, ბურთს გამოვემშვიდობეთ, პასი პასს ვერ გადავაბით, სახიფათო შეტევა ვერ განვახორციელეთ და საბოლოო ჯამში, ჩვენი ფეხბურთი ნერვიულ ქაოსს დაემსგავსა. მწვრთნელს კი, მატჩის მიწურულამდე, არაფერი შეუცვლია (გარდა იმისა, რომ ოქრიაშვილმა ფლანგი შეიცვალა).

კი, ვაისმა უდავოდ დააგვიანა ცვლილებები, მაგრამ ჰქონდა კი მას რესურსი, რომ მოედანზე რამე შეცვლილიყო?

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს? 1

ფეხბურთი – გუნდურია თუ ინდივიდუალური?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს მონდომებას არ ვუკარგავ – იბრძოლეს, იწვალეს და განიცადეს. გამარჯვება მათ ისევე სწყუროდათ, როგორც – ჩვენ. მაგრამ ახლა, სრულიად უსახური თამაშის შემდეგ, მინდა, პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ.

კი, უდავოდ დიდი დანაკლისი იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდის ლიდერი იყო. დაგვაკლდა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც კორონავირუსის გამო, მოედანზე არ იმყოფებოდა. მაგრამ განა ეს გახდა იმისი გადამწყვეტი მიზეზი, რომ მოედანზე მყოფ 3 ფორვარდს (ოქრიაშვილი-ყაზაიშვილი-კაჭარავა), 90 წუთის განმავლობაში, რეალური მომენტი ვერ შეექმნა?

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს? 2

რა შედარებაა, მაგრამ კარგად გემახსოვრებათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პორტუგალიის ნაკრებს კრიშტიანუ რონალდუ გამოაკლდა. საფრანგეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ, თანაც საფრანგეთში. პორტუგალიის ნაკრებმა იბრძოლა, გაუძლო გაცილებით უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ფრანგების შეტევებს და დამატებით დროში, ნანატრი გოლიც გაიტანა. პირდაპირ გეკითხებით, ხვიჩა კვარაცხელია უფრო დიდი დანაკლისია ერთა ლიგის დასკვნით მატჩში თუ კრიშტიანუ რონალდუ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშისას?

კი, მწვრთნელის ფაქტორი უდიდესია, მაგრამ არაზუსტ პასს მწვრთნელი არ აკეთებს, არაზუსტად მწვრთნელი არ ურტყამს. არ შეიძლება, სამარცხვინოა, 90-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში შეკრებილ 6 თანაგუნდელიდან ერთ-ერთს მაინც ზუსტი პასი ვერ მისცე და ბურთი ყველას გადააცილო. ეს იგივეა, რომ ხაბაზმა პური ვერ გამოაცხოს და მუსიკოსს კონცერტზე აკორდები აერიოს.

მატჩის დასასრულს, ვაისს ჟურნალისტებმა ერთგვარი საპროტესტო აქცია მოუწყვეს: მათ საპრესკონფერენციო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოდით, პირდაპირ გკითხავთ: ამ უსახური თამაშით, რომ გაგვმართლებოდა და თუნდაც პენალტების სერიით, ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით – ვაისს ხომ ძეგლს დაუდგამდით? და თუკი ვაისი ამდენ ლაძღვას იმსახურებდა, აქამდე სად იყავით? უცებ, ერთ დღეში, რატომ გახდა თქვენთვის, თითქოს ისტორიული წარმატებისკენ მიმავალი სლოვაკი სპეციალისტი, არაფრისმცოდნე და დილეტანტი?

მარად პერსპექტიულები

ალბათ თქვენც დაიღალეთ იმის მოსმენით, რომ ანანიძე პერსპექტიულია, მჭედლიძე სერია ა-ში თამაშობს და ზლატანის მომავალს უწინასწარმეტყველებენ, არაბიძე ახალი მესია, ჭანტურიაც ახალი მესია და ა.შ.

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს? 3

ამას წინათ, ლუკა მოდრიჩის ბავშვობის ფოტოები ვნახე. ისეთი სუსტია, გგონია რომ ნიავი წააქცევს. წლების შემდეგ და დაუღალავი შრომის შედეგად, იაია ტურეს ებრძოდა ბურთის ასართმევად, ოქროს ბურთი კი მესისა და რონალდუს წაართვა. ანანიძემ კი, მოიარა რუსეთი და მის შესახებ მსოფლიოში არავინ არაფერი იცის, “ჩვენი მოძმე ერის” გარდა.


ყოველთვის, როდესაც მჭედლიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აკლდა, ვამბობდით, რომ დიდი დანაკლისი გვქონდა. გეკითხებით, ფორვარდი, რომელსაც კარიერაში, გუნდურ დონეზე, ოფიციალურად 184 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო, სანდოა? 9 მატჩში 1 გოლი, შესაშური შედეგია ნამდვილად. მეტსაც გეტყვით, ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მეტოქის რისხვა.

დაკარგულ ტალანტებზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ – ამას ცალკე უზარმაზარი სტატია ეკუთვნის. ჩვენ, გულშემატკივრებს, ხელში ისევ მათი ახალგაზრდობის “ჰაილაითები” შეგვრჩება, მერე კი თავს სინანულით ვიქნევთ: “ოქრიაშვილმა ბელორუსს რა გაუტანა,” “ყაზაიშვილმა ჰუმელსი ათრია,” “ანანიძემ ავსტრიას საიდან შეუდგო” და ა.შ.

მოდით, ახალ პუნქტზე გადავიდეთ.

მომავალ თაობას ვინმე მაგალითს აძლევს?

უესლი სნეიდერის ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე: წლების განმავლობაში, საათები გადიოდა, მე კი კედელთან ვიდექი და ერთსა და იმავე წერტილში, ხან მარჯვენათი, ხანაც მარცხენათი ვურტყამდი ბურთსო. მინდოდა, რომ იდეალური დარტყმა მქონოდაო. და ჰქონდა კიდეც – იყო პერიოდი, როდესაც სნეიდერი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა, რომელიც მეტოქეს ყუმბარისებული და უზუსტესი დარტყმებით აწიოკებდა.

რომელ ქართვეელ ფეხბურთელს აქვს იგივე ტიპის ისტორია მოსაყოლი? ვინმეს თუ მოუყოლია, მომასმენინეთ, მადლობას გეტყვით.

ვინმე გვყავს ისეთი, სხვას რომ მაგალითს მისცემს? გუშინ მოედანზე დარბოდა და მაკედონიის ნაკრების დამარცხებას ცდილობდა ფეხბურთელი, რომელიც დადასტურებულად ვიცი, რომ მარიხუანას მომხმარებელია. ეს ინფორმაცია კი ხალხში, ჩუმად ჟონავს, მაგრამ არ ხმაურდება. ხელის დაფარების შედეგად კი, ვიღებთ იმ შედეგს, რომელზეც ახლა ვწუხვართ. განა მარიხუანასთან მაქვს პრობლემა? – სულაც არა, ფეხბურთელისგან ვითხოვ რომ სნეიდერივით ივარჯიშოს, კეთილი ინებოს და სანამ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, გართობის სხვა საშუალებები ეძიოს და მერე, თუ მოინდომებს, სნუპ დოგთან ერთად Smoke weed everyday იმღეროს.

ჰო, მე, როგორც ჩვენი ნაკრების გულმხურვალე გულშემატკივარი, ფეხბურთელებისგან ვითხოვ, რომ ფეხბურთი ისეთივე შესაძლებლობით, ჟინით, ძალით, მონდომებითა და კლასით ითამაშოს, როგორც ამას გადამწყვეტი გოლის ავტორი, 37 წლის გორან პანდევი ახერხებს.

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს? 4

კაპიტანზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა: ჯაბა კანკავა უდავოდ, მებრძოლი სულის ფეხბურთელია. ვერავინ იტყვის, რომ სულს და გულს მოედანზე არ დებს. მაგრამ ოდესმე გახსოვთ, რომ გუნდის კაპიტანს ისეთი რამ ეთქვას, რასაც ტაშს დავუკრავდით და ვიტყოდით: “გაიგე, ჯაბამ რა თქვა?” ახალმა თაობამ მისგან რაღაც ხომ უნდა გაიგოს, სტიმული, მოტივაცია ხომ უნდა მიიღოს ნაკრების პირველი ფეხბურთელისგან? წარმოიდგინეთ, მოზარდი ფეხბურთელი ხართ – ვინ უნდა იყოს თქვენთვის ისეთი ავტორიტეტული, ნამდვილი აზრის ლიდერი, როგორიც ნაკრების კაპიტანი?

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს? 5

მაგრამ არა: ჩვენი კაპიტანი კამერებს ემალება და ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის. ისტორიულ მატჩში დავმარცხდით: ხომ გინდათ, რომ კაპიტნის სიტყვები მოისმინოთ? კი, მეც მინდა, მაგრამ ტრადიციულად, სიჩუმეა. იქნებ მისი ხასიათის ეს შტრიხი პრობლემას ქმნის? ისიც კარგად მახსოვს, მისი თანაგუნდელი, გურამ კაშია, LGBT სამკლავურის გაკეთების გამო საყოველთაო ლანძვის ობიექტი რომ გახდა – კანკავამ უიშვიათესი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გურამს მხარს არ უჭერდა.

“ფეხბურთს მეტი ფინანსური რესურსები სჭირდება” – სიცრუეა!

2016 წელს, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა, რომელიც 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა. წლების განმავლობაში, წარმატებისგან შორს მყოფ, ქართულ ფეხბურთში ჩართული ადამიანები აცხადებდნენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი ფინანსებს უკავშირდებოდა.

პრობლემის მოგვარება სახელმწიფომ ითავა – ფეხბურთში ფული გამოჩნდა. ვიმეორებ, ფეხბურთში ფული სახელმწიფომ ჩაასხა და არა კერძო ბიზნესმა. მოქალაქეების მიერ გამომუშავებული ფულის გარკვეული პროცენტი ჯერ ბიუჯეტში, შემდეგ კი ქართულ ფეხბურთში მიდის. შევაფასოთ, ბოლო 4 წელიწადში, ვიგრძენით წინსვლა? არის პროგრესი? ამართლებს ასეთი დიდი მოცულობის ფულის უშედეგო ხარჯვა? გვაქვს კი ამისი ფუფუნება?

ჩემი პასუხია: არა, თვალსაჩინოდ ჩანს, რომ პროგრესი არ მიგვიღია. მითუმეტეს, 265 მილიონის უშედეგოდ ხარჯვის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს იმ სახელმწიფოს, რომელიც, ოფიციალურად, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაზე (ბულგარეთი) ორჯერ ღარიბია.

შეჯამება

ერთი სიტყვით, ვაისზე ხელის გაშვერა მარტივია, მაგრამ რეალურ მიზეზებზე ჩაძიება არ გვიყვარს, არც სიმართლეს ვუსწორებთ თვალს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ნაკრები არის უსუსტესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებიც ბეტისის, ნანტის, შალკეს და მსგავსი საშუალო დონის ევროპული გუნდების დონეს არ აკმაყოფილებენ. ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელი ერთადერთი გუნდის ღირსებას, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს (ლევანტე), რომელსაც, ჯერჯერობით, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია.

მწარე სტატისტიკაა ის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს Top 60-ში მყოფ ნაკრებთან ოფიციალურ მატჩში, ბოლო 13  წელიწადში აქვს მხოლოდ 2 (!!!) გამარჯვება:  შოტლანდიასთან (2015) და ხორვატიასთან (2011).

ერთმა ცნობილმა, ყოფილმა ფეხბურთელმა მითხრა, უამრავი ინფორმაცია მაქვს იმ სამარცხვინო, ბნელი ამბების შესახებ, რაც ფედერაციასა და საქართველოს ჩემპიონატში ხდებაო. იგივე რამ ჩემთვის სხვა, საფეხბურთო სამყაროში ასევე ცნობილ პიროვნებას აქვს ნათქვამი. ჰო, ინფორმაცია აქვთ, ჩუმად ლაპარაკობენ კლანურ სისტემასა და ფულზე დახარბებულ ხალხზე, მაგრამ საბოლოოდ, ისევ მეგობრობას, ნაცნობობას, მეჯვარეობასა და ნათლობებს ეწირება ის, რაც უმთავრესია: სიმართლე, რომლის დამალვის შედეგადაც, ვართ იქ, სადაც ვართ – არავის ვახსოვართ და არც არავის სჭირდება ჩვენი ყაზახეთის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელები, ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ და ალალად რომ ვთქვათ, დღეს ამას არც ვიმსახურებთ.

სანამ სიმართლეზე საუბარს ღიად დავიწყებთ, მანამდე კი ვიქნებით სირაქლემას პოზასა და იმ სიბნელეში, სადაც უძრავად ვართ. მეც თქვენსავით განვიცადე და მეტკინა ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა, მაგრამ გთხოვთ, ვაღიაროთ: ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ ვიმსახურებდით. ბრალი კი, მხოლოდ ვლადიმერ ვაისს არ მიუძღვის, პრობლემა უზომოდ კომპლექსურია და მოიცავს სპორტულ სკოლებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელების მონდომებას, ჟინს, ცხოვრების წესს, მენტალიტეტს, აზროვნებასა და ფეხბურთისადმი, როგორც საყვარელი საქმისადმი მიდგომას.

ახლა ეს რეალობაა, თუ თვალს გავუსწორებთ და შეცდომებს სწორად გავაანალიზებთ, იქნებ იმ უკეთეს მომავალსაც შევეხოთ, ამდენი ხანი რომ მივდევთ და ვერ დავეწიეთ.

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს? 6

 

ასევე იხილეთ: გამოდი კაპიტანო! დაგველაპარაკე, შეგვაგინე მაინც…

(3364)

ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს?

სტატიის ავტორი
-