ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელებმა ემოციური განცხადება გააკეთეს

“ვიტ ჯორჯიამ” საკუთარი ფეხბურთელების დაკავების შემდეგ, ოფიციალური განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თბილისელთა 5 მოთამაშეს ბრალს მატჩის ჩაწყობაში სდებენ.

“22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ  – არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს.
 
უაღრესად რთულია გადაიტანო  ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით  ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ.
 
ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება.
 
მკაცრად ვემიჯნებით  ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან  და  სხვა  ორგანოებთან.
 
ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს ვუხდით ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

(209)

ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელებმა ემოციური განცხადება გააკეთეს

სტატიის ავტორი
-