Belive

ვიცე-ჩემპიონი ისევ მოუგებელია - ბათუმმა 10-კაციან საბურთალოს ვერ აჯობა 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ცენტრალური შეხვედრით გაიხსნა - ბათუმში, ჯონი ბაკურიძის სახელობის არენაზე, ანგისის ბაზაზე, ერთმანეთს წინა სეზონის ორი პრიზიორი და ტიტულის მაძიებელი გუნდი - "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ და ფრე - 1:1 ითამაშეს. მასპინძლები შეხვედრას სამ ტურში დაგროვებული 3 ქულით შეხვდნენ და გულშემატკივარი, რომელიც რეგულაციების მიუხედავად, სტადიონის მიმდინარე ტერიტორიაზე მრავლად შეიკრიბა, პირველ გამარჯვებას ელოდა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგებისა და ფრის დამსახურებით 4 ქულა ჰქონდათ მარაგში. შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ. ბურთი მეტოქეზე დიდხანს და ხარისხიანად ეჭირათ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. თუმცა, მათ აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია. მეორე ნახევრიდან თამაშის ტემპი უფრო გაიზარდა და გოლის გატანის შანსები თბილისელებსაც მიეცათ. მეტოქის კარს შორიდან ჯერ ყოფილი "საბურთალოელი" ვლადიმერ მამუჩაშვილი დაემუქრა, საპასუხოდ კი ლევან ნონიკაშვილმა გაისროლა. "საბურთალოს" ახალწვეულის პირველ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, მეორედ კი, 61-ე წუთზე, მას მიზანმა აღარ უმტყუნა და მიხეილ ალავიძის კარი შორეული დარტყმით დალაშქარა. მასპინძლებმა, რომელსაც ზურგს სტადიონის გარშემო შეკრებილი ქომაგი უმაგრებდა, წონასწორობა მალე აღადგინეს. 5 წუთში, კუთხურიდან გიული მანჯგალაძის ჩაწოდებას ჯაბა ჯიღაური გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დარჩენილი დრო დრამატული გამოდგა. 73-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში უხეშობის გამო, მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი ლევან მაჭარაშვილს უჩვენა და მასპინძლებს 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მისცა. ბურთთან წინა სეზონის მეორე საუკეთესო ბომბარდირი მივიდა, თუმცა ჯოვინო ფლამარიონს, ვინც მთელი თამაშის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესი იყო, ლაზარე კუპატაძემ აჯობა. 10 კაცით დარჩენილ "საბურთალოს" კარზე მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს, თუმცა მიუხედავად ბენჟამინ ტეიდისა თუ სხვათა კარგი შანსებისა, ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1. ამრიგად გუნდებმა ქულები გაიყვეს. აჭარლებმა სეზონის საწყის ოთხივე შეხვედრაში ფრე ითამაშეს და შესაბამისად 4 ქულა აქვთ, რაც მათ მეხუთე ადგილზე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს, დედაქალაქელები კი მინიმალური უპირატესობით, ერთი საფეხურით მაღლა იმყოფებიან. შემდეგ ტურში, "დინამო" კიდევ ერთ თბილისურ კლუბს - "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, "საბურთალო" კი "თელავს" გაეჯიბრება. ბათუმის "დინამო": ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩიშვილი, ცინცაძე (ტეიდი, 46) - ჯიღაური, ფლამარიონი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი, 66) - დვალიშვილი (ნიქაბაძე, 60). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. "საბურთალო": კუპატაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მაჭარაშვილი (გაძევება, 72) - ტერა, ალთუნაშვილი - ნონიკაშვილი (ბელიაევი, 72), ქავთარაძე (ცნობილაძე, 76), კოხრეიძე (გულიაშვილი, 91). მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.

სხვა სტატიები