Belive

ვლადიმერ კაკაშვილი: "დინამო 2-ს შექმნა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დამატებით შანსს მისცემს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისის" აკადემიას კიდევ ერთი სტრუქტურული რგოლი შეემატა. კახა ჩხეტიანის იდეა "დინამო 2-ს" შექმნასთან დაკავშირებით განხორციელდა. ეს ის გუნდია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთავარ გუნდში მოხვედრის შანსს და სათამაშო პრაქტიკას მისცემს. კლუბში არსებული სიახლის და მისი მიზნების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში 19-წლამდელთა გუნდის აწ უკვე ყოფილმა და "დინამო 2-ის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ კაკაშვილმა ისაუბრა. რა იყო "დინამო 2-ს" ჩამოყალიბების მიზეზი და რა მიზნებს ისახავს ახალი სტრუქტურული ერთეული? მოგეხსენებათ, "დინამო თბილისის" აკადემიის სტრუქტურა 19 წელს ზემოთ ასაკობრივ გუნდს აღარ ითვალისწინებს. ამიტომ, ის ფეხბურთელები, რომლებიც შესაბამის ასაკს მიაღწევდნენ და მთავარ გუნდში ვერ ხვდებოდნენ, გვტოვებდნენ. იძულებულები ვიყავით, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გაგვენათხოვრებინა ან გუნდიდან გაგვეშვა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მეორე გუნდის ჩამოყალიბება კარგი გადაწყვეტილებაა. გვექნება იმის საშუალება, რომ ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. ეს დამატებითი შანსია უშუალოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც. ზოგ მათგანს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ზოგი სრულფასოვნად ფიზიკურად მომზადებული არ გახლავთ, "დინამო 2-ში" თამაში კი მათ ბოლომდე განვითარებაში დაეხმარება და ასევე შანსს შეუნარჩუნებს, რომ მთავარ გუნდში მოხვდნენ. სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც მთავარ გუნდში რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან. რომელ ლიგაში და როდიდან ითამაშებს "დინამო 2"? გუნდი გამოსვლას რეგიონალიგაში დაიწყებს, თუმცა როდის მოხდება ეს, პანდემიის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ქვედა ლიგების განახლება აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ იქნება შესაძლებელი. აქამდე 19-წლამდელთა გუნდში მუშაობდით. როგორ შეაფასებთ იქ გატარებულ პერიოდს?  19-წლამდელთა გუნდში 3 წელი ვიმუშავე. ამ პერიოდში ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ პირველი გუნდისკენ გზა გაიკვალა. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი და სხვები. ჩვენს აკადემიას ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ ფეხბურთელი ჩამოყალიბდეს. იმედი მაქვს, ჩვენი სტრუქტურა კიდევ არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას აღზრდის.

სხვა სტატიები