Belive

ვლადიმერ ვაისი: "ჯარიმის შესრულების დროს, კედელი ცოტა შიგნით იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურში სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდა და  მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჰარიჰეინის ზუსტი საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა მატჩის შემდეგ, გაშვებული გოლის ეპიზოდზე ისაუბრა. "ვფიქრობ, რომ ჯარიმის შესრულების დროს, კედელი ცოტა შიგნით იყო და ჰარიჰეინმა შესანიშნავი გოლი გაგვიტანა," - თქვა ვაისმა. "პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიის ნაკრებს გამარჯვებას, მათ კარგი თამაში აჩვენეს. მეტოქემ პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ამიტომ მოგვიწია სათამაშო სქემა 4-4-2, 4-3-3-ით შეგვეცვალა. ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დავმარცხდით, ჩემს ფეხბურთელებს თამაშის წინ ვუთხარი, რომ ჰარიჰეინი და ბრეიდი სტანდარტულების დროს ძალიან სახიფათოები არიან. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ რენდოლფმა ორივეს მოგერიება მოახერხა. ვცადეთ, რომ ბოლო 15 წუთში კიდევ ერთხელ შეგვეცვალა სათამაშო სქემა და ქვილითაიას ოქრიაშვილი მივახმარეთ. უკვე მეორე შეხვედრაში მარცხენა მცველის შეცვლა გვიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არაა. ირლანდიის ნაკრები ჯგუფის ლიდერია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ორი შეხვედრა წავაგეთ, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ჯგუფის ორ ლიდერთან, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან დავმარცხდით. აღნიშნულ გუნდებთან ერთად ვფიქრობ, რომ დანიაც ჯგუფის ფავორიტია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, ახალი გუნდის შენება გვიწევს ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეებით, როგორიც ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, გვილია, კიტეიშვილი და სხვები არიან. მაგალითად, კიტეიშვილი ორი წლის უკან საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და ევროპაში ახლახან გადავიდა. ის დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს, ეს ადვილი ნამდვილად არაა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად ვითარდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, 2020 წლის მარტს მზად შევხვდეთ და ისტორიული შანსი გამოვიყენოთ. ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არველაძე 21 წლის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაშის საშუალება ჰქონდა. მან თავის პოტენციალი  დაგვანახა, მაგრამ ამ დონეზე თამაში ადვილი არაა. სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს ქვილითაიას, მან მძიმე ტრავმა გადაიტანა და „გენტში“ ახლა იწყებს თამაშს. მე მჯერა ჩემი გუნდის, მე მჯერა პირადად მისი. 2020 წლის მარტისთვის ფორმის პიკში უნდა ვიყოთ, რაც ყველაზე მთავარია ტრავმების გარეშე, რადგან ბელორუსიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული იქნება," - განაცხადა ვაისმა მატჩისშემდგომ პრენსკონფერენციაზე.

სხვა სტატიები