Belive

ვლადიმირ ვაისი: "11 ჯაბა კანკავა რომ მყავდეს, მატჩს ტელევიზორთან, სავარძელში მოკალათებული ვუყურებდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ბრატისლავის "სლოვანმა", სატურნირო ცხრილში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, "პოდბრეზოვა" დაამარცხა. გამარჯვების გოლის გატანა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ 88-ე წუთზე მოახერხა.

დედაქალაქური კლუბის ძირითად შემადგენლობაში კაშიას მსგავსად ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანაკავა და ახალგაზრდა ქართველი შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო. კაშიამ და კანკავამ სრულად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძე ვლადიმირ ვაისმა მოედნიდან პირველი ტაიმის შემდეგ გაიყვანა.

მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის კრიტიკის მთავარი საგანი მისი გუნდის თავდამსხმელები იყვნენ, რომლებიც მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებენ, მათ ნაცვლად კი გუნდისთვის ქულების მოტანა დაცვის ხაზის წევრებს უწევთ.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კარიერას ბრატისლავის სლოვანში გააგრძელებენ -  ODISHINEWS

"გუნდში ბევრი ფეხბურთელი თავს კომფორტულად გრძნობს და ეს მათ დამატებითი მუშაობის გაწევის სურვილს აკარგვინებს. ჩვენი თავდამსხმელები საკუთარ საქმეს გულგრილად ეკიდებიან, "მეგოლე" ფორვარდი არ გვყავს. გოლები მათ უნდა გაჰქონდეთ და ამის გაკეთება მცველებს, გურამ კაშიასა და ვერონ დე მარკას არ უნდა უწევდეთ", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

58 წლის სპეციალისტი ასევე ჯაბა კანკავასაც შეეხო და იგი დადებით კონტექსტში მოიხსენია. ვაისმა ხაზი 36 წლის ფეხბურთელის პროფესიონალიზმს გაუსვა.

"ვერ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი ჯაბა კანკავას გარეშე. რას ვიზამთ მის გარეშე?! ეს მან რამდენიმე მატჩში აჩვენა. ის ჩვენი ნახევარდაცვის შუაგულში ბრილიანტია. მწვრთნელს რომ ჰყავდეს 11 ფეხბურთელი ისეთივე გულით, როგორიც ჯაბა კანკავას აქვს, შეუძლია კომფორტულად მოთავსდეს ოფისში ან სახლში და მატჩს თვალი ტელევიზორის მეშვეობით მიადევნოს", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები