Belive

ვლადიმირ ვაისი: "საქართველოს ნაკრებს ჩემი და თემურ ქეცბაიას ნაზავი სჭირდება"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ისტორიულ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს წლის ბოლომდე საბრძოლველად მხოლოდ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საგზური დარჩა. საამისოდ, ეროვნულმა გუნდმა სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებები, შესაბამისად 15 და 18 ნოემბერს, თანაც ისეთი ანგარიშებით უნდა დაამარცხოს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს მეზობელი სომხეთის წინ, 15 ნოემბერს ელის. შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ჩვენ ამ მატჩის შემდეგ დაძინება ვერ მოვახერხეთ. ჩვენ გავედით ფინალში და შეგვეძლო ისტორიის დაწერა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დაცვაში დავუშვით შეცდომა და მეტოქეს კარგი შანსი მივეცით, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.  მაკედონიასთან სამი შეხვედრა ჩავატარეთ და საერთო ჯამში, ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე მეტოქემ, მაგრამ მაკედონიამ მიღებული მომენტები უკეთ გამოიყენა და შედეგიც სახეზეა.  ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღე იყო, ეს იყო დღე, როცა ყველაზე დაღლილი და სევდიანი ვიყავი. ასეთი შანსი უნდა გამოგვეყენებინა, ყველანი იმედგაცრუებულები ვართ.  გუშინ გვქონდა შეხვედრა ბიჭებთან, როცა ვისაუბრეთ ამ უიღბლო დღეზე, ამ მძიმე მარცხზე. ბევრმა ფეხბურთელმა იტირა, ბევრი ძალიან დაღლილი და განადგურებული იყო. მოგვიანებით, ლევან კობიაშილიც მოვიდა და სიტყვით გამოვიდა, მესაუბრა მეც და ბიჭებსაც, ის ძალიან კარგი პრეზიდენტი და კარგი ადამიანია და მისი სიტყვა მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მაკედონიასთან ჩატარებული შეხვედრა უკვე ისტორიაა და მიუხედავად იმ ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, დარჩენილი ორი მატჩისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. ცხოვრებას ვაგრძელებთ და ვემზადებით ხვალინდელი შეხვედრისთვის, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ უნდა ჩავატაროთ. ბიჭებს მოვუწოდებ, რომ თავი ავწიოთ და ჩვენი მომავლისთვის, მათი მომავლისთვის, საქართველოს მომავლისთვის ვითამაშოთ. ქართული ფეხბურთის მომავლისთვის B დივიზიონში აღზევება და უფრო მაღალი დონის გუნდებთან დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება. ზედა დივიზიონში აღზევება თქვენთვის სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება. ეს უფრო მაღალი დონეა. თქვენ ახალი მწვრთნელი გეყოლებათ, ეს შესაძლოა იყოს ქართველი ან უცხოელი. შესაძლოა ეს თემურ ქეცბაია იყოს, რომელიც ძალიან კარგი და ემოციური კაცია. მე მას რამდენჯერმე ვესაუბრე, ვნახე მისი დამოკიდებულება გუნდთან, ფეხბურთელებთან. ვნახოთ, ვინ იქნება თქვენი მომავალი მწვრთნელი, მაგრამ მას კარგი გუნდი დახვდება, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. ვფიქრობ, აქ საჭირო ისეთი ადამიანის დანიშვნაა, რომელიც დაახლოებით ჩემი და თემურ ქეცბაიას ნაზავი იქნება. ეს 5 წელი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ყოველთვის თქვენი ქომაგი ვიქნები.  სომხეთთან შეხვედრაში ცვლილებები იქნება 5-6 პოზიციაზე. ვფიქრობ, სწრაფი ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში დაყენება მაშინ ამართლებს, როცა კონტრშეტევაზე თამაშობ, მაგრამ მაკედონიასთან სხვა რეალობა გვქონდა. მეტოქე ძლიერ პრესინგს თამაშობდა და ამიტომ ეს კარგი გამოსავალი არ იქნებოდა. მე მატჩის შემდეგაც ვთქვი, რომ შესაძლოა ცვლილებები დავაგვიანე, მაგრამ ეს უკვე წარსულია. მხითარიანის გარეშე დარჩენილი სომხეთის წინააღმდეგ თამაში, იგივეა, რაც ეთამაშო "ბარსელონას" მესის ან "იუვენტუსს" რონალდუს გარეშე. იგივე დაგვემართა ჩვენ მაკედონიასთან, როცა კვარაცხელიას გარეშე დავრჩით. რამდენად დიდ როლსაც პანდევი მაკედონიურ ფეხბურთში ასრულებს, იმდენად დიდი ფუნქცია აქვს მხითარიანს სომხეთში, მაგრამ ჩვენს მეტოქეს მის გარეშეც ძლიერი გუნდი ჰყავს. საინტერესო მატჩი გველოდება", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები