Belive

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძეს დასვენების შესაძლებლობა მივეცი, კაშიამ ძალიან კარგად ითამაშა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელის და ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდმა, ბრატისლავის "სლოვანმა" შვეიცარიული "ბაზელი" სტუმრად - 2:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმა შეიტანეს. ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად ჯაბა კანკავა და გურამ კაშია და ასევე გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა და ნახევარმცველმა სრულად ითამაშეს, ხოლო 23 წლის ტალანტი ვლადიმირ ვაისმა 59-ე წუთზე შეცვალა.

მატჩის შემდეგ, 56 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

"კარგია, რომ თამაშში დავბრუნდით. ერევანში წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს ვუთხარი, რომ მოგებისთვის უდნა გვეთამაშა, თორემ მათემატიკა და თეორია ჩვენთვის ცუდ პერსპექტივას ქმნიდა. ახლა ისევ საქმეში ვართ და ჯგუფიდან გასვლის შანსი სამ გუნდს აქვს.

წარმატების საფუძველი ყოველთვის კარგი დაცვაა, სადაც გურამ კაშიამ და ვერნონ დე მარკომ ძალიან კარგად მოახერხეს თამაში.

მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. ზოგს ჯერ კიდევ სჭირდება ფიზიკური მდგომარეობის გამო დასვენება. გიორგი ჩაკვეტაძემ ბევრი იშრომა და საბოლოოდ, მატჩის გაგრძელება ფიზიკური მდგომარეობის გამო გაუჭირდა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დაგვესვენებინა. ჩვენ თამაში 4-3-3 ფორმაციით დავიწყეთ, რამაც მას შეტევის ხაზის გაკონტროლების შესაძლებლობა მისცა და მან ეს შანსი 2 საგოლე პასის გაკეთებით გამოიყენა", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და მეორე ადგილზე მყოფ ერევნის "პიუნიკს" 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება სლოვაკეთის ფორტუნა ლიგას, აქ გუნდი 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 8 მოგებით, 2 ფრით და 1 წაგების შედეგად დაგროვილი 26 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

სხვა სტატიები