Belive

ვლადიმირ ვაისმა გუნდში ქართველები მიიყვანა: კაშია და კანკავა ერთ გუნდში ითამაშებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელებენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა - გამოცდილი ქართველი ლეგიონერები ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილ გუნდში ითამაშებენ. 33 წლის ცენტრალური მცველი და 35 წლის ნახევარმცველი ბოლოს, შესაბამისად, თბილისის "ლოკომოტივსა" და ფრანგულ "ვალენსიენში" გამოდიოდნენ, ახლა კი სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეუერთდნენ. ვაისმა, რომელიც ყოფილ გუნდს დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მესამედ ჩემპიონატის და მიჯრით მეორედ თასის მოგებაში დაეხმარა, საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა და ამ პერიოდში, “ჯვაროსნებმა” 47 მატჩი გამართეს, 16 მოიგეს, ამდენივეში დამარცხდნენ და 5 ფრედ დაასრულეს. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა. ვლადიმირ ვაისი “სლოვანში” მიმდინარე წლის 11 მაისს დაინიშნა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გურამ კაშია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 87 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 2021 წლის ზამთარში "რკინიგზელებს" შეუერთდა და 17 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც შეეხება კანკავას, რომლის აქტივშიც ეროვნული გუნდის 97 მატჩში 10 გატანილი გოლიაა, ლიგა 2-ის ბინადარ კლუბში მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ 16 მატჩი ჩაატარა და რამდენჯერმე გულშემატკივრის რჩეულ ფეხბურთელადაც დასახელდა.  

სხვა სტატიები