Belive

You'll never walk alone - ლივერპულისა და ერთგული ფანის გამაოგნებელი ისტორია (ფოტო/ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა. "ენფილდის" სავსე ტრიბუნების ფონზე, მერსისაიდულმა გრანდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (3:1) და საჩემპიონო ბრძოლაში საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. პრემიერ ლიგის განვლილი 12 ტურის შემდეგ, "ლივერპულმა" 34 ქულას მოუყარა თავი და "მანჩესტერ სიტი" 9 ქულით ჩამოიტოვა უკან - რაც შესაძლოა სანუკვარი ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია შონ კოქსმა შესძინა. "ენფილდის" ტრიბუნაზე მჯდომი შონ კოქსი ჩვენი ინსპირაციის წყარო გახდა - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. მერსისაიდული გრანდის ისტორიაში არაერთი ტრაგიკული მომენტი ყოფილა. ეიზელიდან დაწყებული (დღე, რომელიც უდიდესი კლუბის ისტორიაში მორიგი ლამაზი თარიღი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი კოშმარულ ღამედ იქცა.) ჰილსბოროს ტრაგედიით გაგრძელებული. 1989 წლის 15 აპრილს, "ლივერპულის" 25.000 გულშემატკივარი "ჰილსბოროს" სტადიონზე საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ გაემართა - 96 მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა.
მერსისაიდულ გრანდსა და მის გულშემატკივრებს არაერთი ტრაგიკული მომენტი აქვთ გასახსენებლად - თუმცა ლეგენდარული ჰიმნი You'll never walk alone, რომელიც "ლივერპულის" ემბლემაზეცაა დატანილი იდეალურად ასახავს კლუბისა და გულშემატკივრების დამოკიდებულებას. 2018 წლის აპრილში, შონ კოქსის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ტრაგედია, რომელიც მომენტალურად იქცა "ლივერპულის" დიდი ოჯახის საერთო ტკივილად. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპული" "რომას" დაუპირისპირდა. "ენფილდზე" გასამართი მატჩის წინ, "რომას" ფანები ფიზიკურად გაუსწორდნენ "ლივერპულის" გულშემატკივარს. "რომაელი" ულტრასებისგან შონ კოქსმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ტვინზე მიღებული მძიმე ტრავმის გამო, შონ კოქსი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული და დღემდე სარეაბილიტაციო პროცესს გადის. 2018 წლის აპრილში, შონ კოქსის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა - თუმცა "ლივერპულმა" ერთგული ფანი არ მიატოვა. შონ კოქსის მხარდასაჭერად, "ლივერპულმა" საქველმოქმედო მატჩი გამართა და მისი რეაბილიტაციისათვის €748.000 გადარიცხა. 2018 წლის აპრილის შემდეგ, მერსისაიდული გრანდის ვარსკვლავები მუდამ პოზირებენ ბანერით: "შონ კოქს, შენ არასდროს იქნები მარტო".
შონ კოქსის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა, რომ იგი 2019 წლის 10 ნოემბერს, "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ მატჩს დასწრებოდა. მიღებული დაზიანების შემდეგ, შონ კოქსი პირველად მივიდა "ენფილდზე" - სტადიონზე, სადაც მას გამაოგნებელი დახვედრა მოუწყვეს და სადაც "ლივერპულის" დიდმა ოჯახმა უდიდესი გამარჯვება იზეიმა. მატჩის მსვლელობის დროს, "ენფილდის" სავსე ტრიბუნები რამდენჯერმე მიესალმა ერთგულ გულშემატკივარს. "ლივერპულის" მესვეურებმა კი ემოციური კომენტარები გააკეთეს. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა იურგენ კლოპის განცხადებები: "მას ჩემი ნახვა საოცრად გაუხარდა მე კი მისი ხილვით უბედნიერესი ვიყავი. მისი მეუღლე და შვილიც ჩვენთან იყვნენ - ეს იყო ემოციურად დატვირთული და უდიდესი დღე თითოეული ჩვენგანისათვის." "შონის ისტორიამ თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა. ის არის ადამიანი, რომელმაც საყვარელი გუნდის გამო უდიდესი სასჯელი მიიღო - ადამიანი, რომელიც დღემდე იბრძვის. შონი თითოეული ჩვენგანისათვის სიმამაცისა და ინსპირაციის წყაროა. საოცრად დიდი სიამაყისა და სიმამაცის განცდა დაგვეუფლა, როდესაც გავიგეთ, რომ მას "ენფილდზე" დაბრუნება და ჩვენი მხარდაჭერა სურდა. ამ გმირული საქციელით შონმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული თვალით შეგვახედა ფეხბურთსა და ცხოვრებაზე. მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის მაისურები გვეცვა და ვის ვგულშემატკივრობით - მან თითოეული ჩვენგანი სიამაყის გრძნობით აგვავსო. ჩვენ უბრალოდ არ ვმღერით You'll never walk alone-ს - ჩვენ ამით ვცხოვრობთ."

ასევე იხილეთ: ლივერპული 3:1 მანჩესტერ სიტი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები