Belive

ზაურ სვანაძე: "აეროპორტიდან გამოღწევა შეუძლებელი იყო, ქომაგები ხელში აყვანილს დაგვატარებდნენ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
39 წლის წინ, ქართულმა ფეხბურთმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა. 1981 წლის 13 მაისს "დინამო თბილისმა" უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. "კარლ ცაისთან" მოპოვებულ გამარჯვებას (2:1) საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ვეტერანი და ამჟამად სამწვრთნელო შტაბის წევრი ზაურ სვანაძე Live.ge-სთან ინტერვიუში იხსენებს. ისტორიული გამარჯვებიდან 39 წელი შესრულდა. როგორ გახსენდებათ უშუალოდ მატჩი და ფინალამდე მისასვლელი გზა? რთული გზა გავიარეთ, მაგრამ თავი კარგად გავართვით. ჯერ ინგლისში "ვესტ ჰემს" მოვუგეთ, მერე კი "ფეიენოორდთან" დაძაბული შეხვედრები ჩავატარეთ. ჰოლანდიურ კლუბთან პირველი მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა ნამდვილი საშინელება იყო - მსაჯის შეცდომების გამო კინაღამ ფინალს მიღმა დავრჩით. უშუალოდ ფინალი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თავიდან გერმანელები დომინირებდნენ და იგებდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შემოვატრიალეთ. ანგარიში გუცაევმა გაათანაბრა, რის მერეც მალევე შემცვალეს. ტრავმა არ მიმიღია, უბრალოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო ასეთი და თამაშში ნუკრი კაკილაშვილი ჩაერთო. შემდეგ უკვე დარასელიას გამარჯვების მომტანი შედევრი იყო. წარმოუდგენელია იმ ზეიმის დავიწყება, რომელიც თბილისში ჩამოსულებს დაგვხვდა. აეროპორტის სავსე იყო ხალხით და იქიდან გამოღწევა შეუძლებელი იყო, ქომაგები ხელში აყვანილებს დაგვატარებდნენ. ეს დიდი გამარჯვება უცბად არ მომხდარა, მას წლების განმავლობაში ეყრებოდა საფუძველი, შენდებოდა დიდი გუნდი, სადაც თავი ძალიან ნიჭიერმა კოლექტივმა მოიყარა. დიდი ბედნიერება იყო, რომ ამ გუნდის წევრი გახლდით. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნოდარ ახალკაცი იყო. როგორ გაგონდებათ მასთან მუშაობის პროცესი? მე ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, მაგრამ ნოდარი საუკეთესო იყო. მას ჩემი ფიქრების წაკითხვა შეეძლო.  ყოფილა მომენტები, როცა სათამაშოდ მზად არ ვიყავი, მაგრამ ამის მწვრთნელისთვის თქმა მეუხერხულეობდა. ის თავად ხვდებოდა და მეუბნებოდა, რომ იმ დღეს ვარჯიშზე არ მივსულიყავი.
მახსოვს, სწორედ 1981 წელს, ინგლისში, "ვესტ ჰემთან" მატჩისას ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ შეხვედრაში მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ადგილს მანდობდა, ეს რომ წინასწარ მცოდნოდა, მთელი ღამე არ დამეძინებოდა და ფსიქოლოგიურ წნეხში ვიქნებოდი, ამიტომაც ნოდარმა ეს თამაშის წინ მითხრა. ის განსაკუთრებული მწვრთნელი იყო, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც საკუთარი, ისე ფეხბურთელების ერუდიციასა და განათლებას.   ამჟამად თქვენ "დინამოში" მუშაობთ, საინტერესოა, როგორ ემზადება გუნდი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. როგორ ფიქრობთ, სეზონის რა ფორმატით განახლება იქნება უკეთესი? ბიჭები ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. რთულია სახლის პირობებში ფორმა სრულფასოვნად შეინარჩუნო, თუმცა იმედია ყველაფერი მალე განახლდება და ფეხბურთელები კონდიციებს აღიდგენენ, ფეხბურთი ყველას ძალიან მოგვენატრა. საერთოდ, მე შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატის მომხრე ვარ. მთელი ევროპა ასე თამაშობს, სკანდინავიის ქვეყნების გარდა.

სხვა სტატიები