Belive

ზაზა დოლიძე: "სელექციის სისტემა მთლიანად შეიცვალა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სეზონისწინა პრესკონფერენციაზე "დინამო თბილისის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "ზამთრის პერიოდში გუნდის სელექციის სისტემა მთლიანად შეიცვალა, თუმცა ამისთვის ცოტა დრო გვქონდა და სამწვრთნელო შტაბის წევრები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.  გუნდის შევსება არ დაგვისრულებია და სეზონის პირველი ნახევარის შემდეგ ამ მხრივ კიდევ უფრო ვიაქტიურებთ. თან ჩვენი გუნდის სუსტ პოზიციებს დავაკვირდებით და პარალელურად ყველა იმ ფეხბურთელზე ვიმუშავებთ, რომელიც ჩვენი მწვრთნელების ინტერესებში მოექცევა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს ამჟამად ისე არ ულხინს, რომ აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ, რომელთა გადასაბირებლადაც კოლოსალური თანხები გადავიხადოთ, თუმცა ჩვენი რესურსის ფარგლებში გუნდს მაქსიმალურად გავაძლიერებთ",-თქვა დოლიძემ. "დინამოს"  ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა გუნდის იმ ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა გუნდიდან წასვლაზე ხმები აქტიურად ვრცელდებოდა. აკაკი შულაიას კარიერის ევროპაში გაგრძელება სურდა, თუმცა მას ივნისამდე "დინამოსთან" კონტრაქტი აქვს.მას გაუმჯობესებული ხელშეკრულება შევთავაზეთ, თუმცა მისი მხრიდან ამ ეტაპზე თანხმობა არ ყოფილა. ვისაუბრეთ და ვუთხარით, რომ ვაფასებთ მის პროფესიონალიზმს და ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ევროპის უმეტეს ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში წასვლის პერსპექტივა კიდევ არსებობს. ვინაიდან მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და მის პოზიციაზე ფეხბურთელები დავიმატეთ. თუ შულაია დარჩენას გადაწყვეტს, ჩვენი წინადადება ძალაში დარჩება.  რაც შეეხება ნინუას, ადრეც გითხარით, რომ მას მსურველები არ აკლდა, მაგრამ "დინამოში" დარჩა და მისი კონტრაქტი ზაფხულამდე ძალაშია.  უახლოესი მატჩი სუპერთასთან "საბურთალოსთან" გველოდება. საბედნიეროდ თბილისში თბილი ზამთარი გვაქვს. ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ და მხარი დაგვიჭიროთ",-დაასრულა ზაზა დოლიძემ.

სხვა სტატიები