Belive

ჟოზე მოურინიო: "ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებითა და სიმშვიდით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემი" ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტიტულის ერთ-ერთი მაძიებელია. პირველ ტურში "ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი დაუმარცხებელია, პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში "დეზებმა" 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით "ტოტენჰემს" ყველაზე ცოტა - 9 გოლი აქვს გაშვებული, რაც დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს. 2020-21 წლების საკმაოდ შთამბეჭდავად დაწყების გამო ბევრი თვლის, რომ კლუბს კარგი შანსი აქვს, დიდხნიანი მოლოდინი დაასრულოს და ტიტული მოიგოს. თუმცა, პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნების გამოტანა. Sky Sports-თან საუბრისას 57 წლის სპეციალისტმა განაცხადა:
"თუ გარე საუბრები პოზიტიური ხასიათისაა, ჩვენ  მომთმენები და მშვიდები უნდა ვიყოთ და არა აღგზნებულები. ხოლო თუ საუბრები ნეგატიური და კრიტიკული ხასიათისაა, ამანაც არ უნდა იქონიოს გავლენა ჩვენზე". "ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი და ბოლომდე დავიხარჯოთ. სეზონის ბოლოს ვნახავთ, რა მოხდება".
6 დეკემბერს პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემი" "არსენალს" დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას შეგირდები "დეზებს" 8 ქულით ჩამორჩებიან და არცთუ კარგ ფორმაში იმყოფებიან, მოურინიო თვლის, რომ ბოლო 11 თვის განმავლობაში "მეთოფეებმა" დაამტკიცეს, რომ საუკეთესოებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. მოურინიომ შეხვედრის შესახებაც გააკეთა განცხადება.
"თუ ამ სეზონში ნახეთ "არსენალის" შეხვედრები "იუნაიტედთან" და "ლივერპულთან", მიხვდებით, რომ მათ ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ. ისინი საკმაოდ უნივერსალურები არიან და სხვადასხვაგვარად შეუძლიათ თამაში". "პირადად მე ვთვლი, რომ ისინი ხუთმცველიან ტაქტიკას დაუბრუნდებიან და თავს უფრო მეტად დაიცავენ, რადგან სწორედ ასე დაამარცხეს "სიტი" და "ჩელსი" ინგლისის თასის ნახევარფინალსა და ფინალში. რთული მეტოქე იქნება".  
 

სხვა სტატიები