Belive

ჟოზე მოურინიოს ზამთრის სამიზნეები

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავისზე დაკისრებულ მოვალეობას არც ისე კარგად ასრულებს, თუმცა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას აპირებს.  პორტუგალიელი სპეციალისტი ბალკანეთის ნახევარკუნძულს გადაწვდა და სერბი და ხორვატი ფეხბურთელების შეძენა სურს. მოურინიო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით, ნიკოლა მილენკოვიჩით, ივან პერისიჩითა და ანტე რებიჩით ინტერესდება. ამ ოთხიდან სამი იტალიის "სერია ა"-ში თამაშობს. ანტე რებიჩი კი გერმანიის "ბუნდესლიგის" წარმომადგენელია. "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვადასხვა პოზიციაზე არასტაბილური თამაში გუნდის წარუმატებლობას განაპირობებს. ამიტომაც მოურინიომ თითოეული მათგანის გაძლიერება გადაწყვიტა. დაცვის ცენტრში ნიკოლა მილენკოვიჩი მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება. "ფიორენტინას" ცენტრალური მცველი მოწოდების სიმაღლეზეა და ამიტომაც მოხვდა ინგლისური გრანდის თვალთახედვის არეში.
"მანჩესტერის" ნახევარდაცვა კრიტიკას ვერ უძლებს. პოლ პოგბას, ნემანია მატიჩის, ანდრე ერერას არასასურველი სათამაშო კონდიცია, პორტუგალიელ სპეციალისტს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც "ლაციოს" ნახევარმცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი "წითელ ეშმაკებთან" ახლოსაა.
ეს რაც შეეხებოდათ სერბებს. ჟოზე მოურინიო ხორვატი ფეხბურთელებითაც დაინტერესებულია. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონების რიგებში გამორჩეულები იყვნენ ივან პერისიჩი და ანტე რებიჩი. პერისიჩი "ინტერშიც" კარგად გამოიყურება და მას მარცხენა ფლანგის სრულად კონტროლი შეუძლია. რაც შეეხება რებიჩს, ახალგაზრდა ფეხბურთელი როგორც ხორვატიის ნაკრებში, ისე ფრანკფურტის "აინტრახტში" ერთ-ერთი გამორჩეულია. მას კარგად შეუძლია შეტევის გაძლიერება.
სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ამიტომ საინტერესოა ამ ოთხი ფეხბურთელიდან ვის ვიხილავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

სხვა სტატიები