Belive

ზიდანი: "დერბიში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად რეალი საჩემპიონო რბოლაში დარჩება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კვირას, 7 მარტს, ლალიგის 26-ე ტურში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდული დერბი გაიმართება. "ატლეტიკოსა" და "რეალის" დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. სიმეონეს გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და "რეალს" 5 ქულით უსწრებს, ამასთან, "როხიბლანკოს" ზიდანის გუნდთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. შესაბამისად, აღნიშნულ დაპირისპირებას დიდი სატურნირო დატვირთვაც ექნება. "სამეფო კლუბის" გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო რბოლა ძალიან დაიძაბება. მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა ზინედინ ზიდანმა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რაც არ უნდა მოხდეს "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში, მისი გუნდი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
"ეს არის ფინალი, მაგრამ ყველა შეხვედრაც ხომ ფინალის ტოლფასია. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ საჩემპიონო რბოლაში დავრჩებით. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ დერბიში". "მადრიდული დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია და ჩვენ ეს კარგად გვესმის. დერბიში ფავორიტი არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გველის, სწორედ ისეთი, როგორიც გულშემატკივრებს უყვართ".
 ზიდანმა დაადასტურა, რომ მადრიდული დერბის წინ გუნდს ქარიმ ბენზემა დაუბრუნდა.
"ყველამ ვიცით ქარიმის შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ჩვენთან ერთად იქნება. მას ჩვენს სათამაშო სისტემაში დიდი როლი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთს ვფლობთ".
ზიდანს აზარის მდგომარეობაზეც დაუსვეს კითხვა.
"აზარს რეციდივი არ აქვს, მაგრამ არ ვჩქარობთ, ვაკვირდებით მის მდგომარეობას. დაბრუნების შემთხვევაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის 100 პროცენტით მზადაა. მნიშვნელოვანია, რომ ის მოედანს აღდგენილი ძალებით დაუბრუნდეს. მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებთ". 
24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს "ატლეტიკო" იკავებს 58 ქულით. "რეალმა" 25 შეხვედრაში 53 ქულის მოგროვება შეძლო და მე-3 ადგილზე იმყოფება.    

სხვა სტატიები