Belive

ზიდანი გვარდიოლას წინააღმდეგ: რა გველოდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს, 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:59-ზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები გაიმართება. ფრანგული ლიონი "იუვენტუსს" უმასპინძლებს, ხოლო მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი გრანდის დაპირისპირების გარდა, ზიდანისა და გვარდიოლას ტაქტიკური ჭიდილი, ცალკე სანახაობა იქნება. ზიდანს გვარდიოლასადმი დიდი პატივისცემა არასოდეს დაუმალავს. მეტიც, მან ერთხელ პეპს "მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი" უწოდა. გვარდიოლას, თავისი გამორჩეული სათამაშო სტილისა და ტიტულების ფონზე, უნდა ითქვას რომ "ბარსელონადან" წამოსვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი აღარ უზეიმია. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი ფიაკო გვარდიოლამ სწორედ მადრიდის "რეალთან" განიცადა: კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, "რეალმა" "ბაიერნი" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მაშინ ზიდანი კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო.
C-5av88XcAAFjED
რაც შეეხება ფრანგს: ის არის მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიანი დუელი ჯერ არცერთხელ არ დაუთმია. მისი ხელმძღვანელობით, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რის შემდეგაც, ზიზუმ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ლოპეტეგისა და სოლარის მმართველობამ გუნდს რეგრესი მოუტანა და შესაბამისად, ზიდანის დაბრუნება აუცილებელი გახდა. UEFA-მ "სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში მოკვეთა. პარალელურად, "ლივერპულის" ბრწყინვალე შედეგების ფონზე, "სიტის" პრემიერ ლიგის მოგების მხოლოდ თეორიული შანსი აქვს დარჩენილი. გვარდიოლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე პერიოდში გუნდის მიტოვებას არ გეგმავს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება მისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. თავის მხრივ, ზიდანს "ლა ლიგის" ტიტული მხოლოდ 2016/17 წლების სეზონში აქვს მოპოვებული და ერთგვარი მინიშნებით, ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატი საკუთარ პრიორიტეტად დაასახელა: მისი თქმით, ლუკა მოდრიჩის დონის ფეხბურთელს, "ლა ლიგა" მხოლოდ ერთხელ არ უნდა ჰქონდეს მოგებული. ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებლის სტატუსის შენარჩუნება მისი კარიერის უდიდესი გამოწვევაა და საინტერესოა, რამდენად გაართმევს ფრანგი ასეთი ტიპის ამოცანას თავს, განსაკუთრებით ისეთ ფონზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
 

სხვა სტატიები