Belive

ზიდანიდან ზიდანამდე - როგორ მიაღწია ზიდანმა 3-გზის ტრიუმფს და რატომ დაბრუნდა იგი გუნდში?

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ფეხბურთელობის პერიოდში ზინედინ იაზიდ ზიდანს ერთ მატჩში 3 გოლი მხოლოდ ერთხელ აქვს გატანილი. ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ზიდანი კიდევ ერთხელ შეასრულებდა სამწვრთნელო, უპრეცენდენტო ჰეთ-თრიქს ჩემპიონთა ლიგაზე.
3-წლიანი ტრიუმფის შემდეგ, ზიდანმა მთავარი მწვრთნელის პოსტი სრულიად მოულოდნელად დატოვა. მასთან ერთად, „რეალი“ მთავარი დამრტყმელი ძალის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც დარჩა და შესაბამისად, აღზევებას მტკივნეული დაცემა მოჰყვა - დაიწყო ლოპეტეგის წარუმატებელი პერიოდი, გუნდმა „კამპ ნოუზე“ სამარცხვინო მარცხი იწვნია (5:1) და მის ნაცვლად სანტიაგო სოლარი დაინიშნა. არგენტინელმა მდგომარეობის გამოსწორება აქცენტის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადატანით სცადა, რამაც შედეგი არ გამოიღო - „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა, კოპა დელ რეიზე „ბარსელონასთან“ ორმატჩიან დუელში დამარცხდა (1:4 ჯამში), ხოლო ლა ლიგის მოგების შანსი კი თითქმის დაკარგა. უკიდურესი კრიზისიდან გუნდის ამოყვანა კვლავ ზინედინ ზიდანს დაევალა - Marca იწყობინება, რომ ფრანგი გუნდში 2022 წლამდე დარჩება. ასევე ცნობილია, რომ ზიდანი გუნდში კონკრეტული მოთხოვნებით მოვიდა - მან გუნდი სრულიად ახლებურად უნდა დააკომპლექტოს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება - ტრანსფერებისთვის ზიდანს დაახლოებით 300 მილიონი გამოუყვეს. ზიდანის სამწვრთნელო ტაქტიკა მის საფეხბურთო სტილს წააგავს - დახვეწილი, ტაქტიკური, ელეგანტური და გუნდური. მთავარ მწვრთნელის პოსტის დაკავებიდან რეალის მიერ გატანილი გოლების უმრავლესობა ასისტით გადიოდა. მეტი პასი, გუნდური ჩართულობა და ნაკლები ინდივიდუალური ოსტატობა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 2016 წლის დასაწყისში, ზიდანმა რაფაელ ბენიტესის მიერ განადგურებული გუნდი სეზონის შუაგულში ჩაიბარა და იმავე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის თასი პირველად ასწია. ზემოთაღნიშნული გუნდური მიდგომით, მეორე სეზონის დასასრულს, კეილორ ნავასის გარდა, „რეალის“ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს მინიმუმ ერთი გოლი მაინც ჰქონდა გატანილი. მთავარ საყრდენად მობილური, ტექნიკური ნახევარდაცვა იქცა, სადაც გუნდის უსაფრთხოებაზე კაზემირო ზრუნავდა, ხოლო მოდრიჩი-კროოსის დუეტს კი ხშირად ისკო ემატებოდა: გუნდი არ თამაშობდა ტიკი-ტაკას, მაგრამ თამაშობდა პოზიციურ და კომბინაციურ ფეხბურთს, რაც თავდამსხმელებს მეტი გადაადგილების და ფანტაზიის გასხნის საშუალებას აძლევდა.
ჟოზე მოურინიოს კონტრშეტევებზე აწყობილი გუნდი და ანჩელოტის BBC ზიზუს გაცილებით მწყობრმა, ტაქტიკურად აწყობილმა შეტევებმა ჩაანაცვლა, რასაც როტაცია დაემატა (რაც ანჩელოტის შეცდომა იყო ბოლო სეზონში): კოზირებად მან ვასკესი და ახალგაზრდა ასენსიო გამოიყენა - ფლანგის სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც 7-8 კილომეტრ ნარბენ მცველებს მეორე ტაიმში უდიდეს თავსატეხს უჩენდნენ. რეალის მიერ მოგებული თამაშების დიდი წილი მეორე ტაიმში გაკეთებულ შეცვლებზე მოდიოდა, ხოლო გუნდი იქცა ჩემპიონთა ლიგის მონსტრად, რომელსაც ნებისმიერი თამაშის მოგება შეეძლო. ამას ლეო მესისა და ხავის სიტყვებიც ადასტურებს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ რეალი უპირატესობის არქონის შემთხვევაშიც გამარჯვებას აღწევდა. მაგალითისთვის ავიღოთ 2018 წლის მერვედფინალის პირველი მატჩი პსჟ-სთან, სადაც ასენსიოს მოედანზე გამოყვანას მისი ორი ასისტი და ანგარიშით 3-1 გამარჯვება მოჰყვა. რეალს პსჟ-ზე უკეთესად არ უთამაშია, ამ თამაშში ფრეც ლოგიკური შედეგი იქნებოდა, თუმცა გუნდმა 2 მოულოდნელი გოლის გატანა და მოახერხა.

იხილეთ მადრიდის რეალის სათამაშო სტილი ზიდანის პერიოდში

  ზიდანმა გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნა და კვლავ აიყვანა სამეფო გუნდის წოდების პედესტალზე. ცოტას თუ ახსოვს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში რეალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მუდმივი ბინადარი იყო, გუნდში ზიზუს გამოჩენის შემდეგ კი სულ სხვა შედეგები დაიდო (ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ზიდანი ანჩელოტის თანაშემწე იყო) - 4 ჩემპიონთა ლიგა ბოლო 5 წელიწადში, 8 ტიტული ზიზუსთან ერთად და არცერთი წაგებული მატჩი კამპ ნოუზე. ერთადერთი შავი ლაქა: 0-3 ბარსელონასთან, სანტიაგო ბერნაბეუზე. ბინძური ხერხები არ გამოუყენებია, ღირსეულად დათმო გუნდმა თამაში.
P.S. ფეხბურთელობის პერიოდიდან იშვიათად თუ ახსოვს ვინმეს ერთი თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდი, რომელიც ზიდანის საფეხბურთო ხედვას იდეალურად აღწერს: 2006-ში, ბრაზილიასთან თამაშისას ფრანგი შემტევები ბრაზილიის საჯარიმოში იყვნენ ჩასულები, ცენტრში მყოფი ზიდანი შეტევის გასაგრძელებლად პარტნიორს ეძებდა. მარჯვენა ფლანგზე სივრცის დანახვისას ზიზუმ მარჯვნივ ხელი აიქნია, რითაც ვილი სანიოლს მოძრაობის ნიშანი მისცა, ბურთი მარცხნივ წაიღო და მალევე მარჯვენა ფლანგზე მარტო მყოფ სანიოლს გადააწოდა - ზიდანი იმთავითვე ტაქტიკოსი იყო და ზუსტად იცოდა, როგორ გაეთავისუფლებინა სივრცეები მოთამაშეებისთვის და ამ უნარს უძლიერესი მეტოქის გასატეხად, Joga Bonito-ს შესაქმნელად და გასამარჯვებლად იდეალურად იყენებდა.

სხვა სტატიები