ზინჩენკომ 10 წლის უკრაინელი ბავშვი მანჩესტერ სიტის სავარჯიშო ცენტრში მიიწვია

ოლქსანდრ ზინჩენკომ 10 წლის უკრაინელი ბავშვი “მანჩესტერ სიტის” სავარჯიშო ცენტრში მიიწვია და მასთან ერთად ივარჯიშა.

რუსეთის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 10 წლის ანდრეი მშობლებთან ერთად ლტოლვილად იქცა. რუსეთის აგრესიას გამოქცეულმა უამრავმა უკრაინელმა – ისევე, როგორც ანდრეის ოჯახმა, თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში ჰპოვა.

25 წლის ზინჩენკომ, პატარა ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტოები Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

ოლექსანდრ ზინჩენკო: “ისევე, როგორც უამრავი უკრაინელი, ანდრეი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ საკუთარი სახლი დაეტოვებინათ და ომს გაქცეოდნენ. 75 დღის წინ, ეს ბავშვი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და უკრაინაში, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. დღეს მას მხოლოდ ერთი ოცნება აქვს – დამყარდეს მშვიდობა მის ქვეყანაში. ის ოცნებობს მშვიდობაზე და იმაზე, რომ სამშობლოში ძველებურად განაგრძოს ცხოვრება. გულს საშინლად მტკენს ის გარემოება, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო, ანდრეი და უამრავი უკრაინელი ბავშვი იტანჯება. ომმა მათ ბავშვობა წაართვა და უფრო მეტიც – ომმა მათ სიცოცხლე წაართვა”.

“მჯერა, რომ ჩვენი, უკრაინელების გამარჯვების დღე მალე დადგება და ყველა ბავშვს მიეცემა შესაძლებლობა დატკბეს უდარდელი ბავშვობით. ბავშვებმა უნდა განაგრძონ ცხოვრება ბავშვური ოცნებებითა და ისეთივე პოზიტიური ემოციებით, როგორიც დღეს სავარჯიშო მოედანზე მყოფ ანდრეის ჰქონდა”.

ზინჩენკომ 10 წლის უკრაინელი ბავშვი მანჩესტერ სიტის სავარჯიშო ცენტრში მიიწვია

სტატიის ავტორი
-