Belive

ზლატანი FIFA-ს - ვინ მოგცათ ჩემი სახელით თანხის გამომუშავების უფლება?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზლატანი მორიგი საფეხბურთო ვარსკვლავია, რომელიც EA Sports-ს აკრიტიკებს. FIFA ამჯერად არა გეიმფლეის, არამედ სხვა მიზეზის გამო დაიწუნეს. 39 წლის შვედი ფეხბურთელის განცხადებით, საფეხბურთო ვიდეოთამაშში მისგან სახელისა და სახის გამოყენების უფლება არავის აუღია.
"ჩემი სახელისა და სახის გამოყენების უფლება EA Sports-ს ვინ მისცა?  FIFPro?-მ (პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაცია).  FIFPro-ს წევრი არ ვიყავი და თუ ვარ, მაშინ იქ ჩემთან შეთანხმების გარეშე, უცნაურად დამამატეს. დარწმუნებული ვარ, რომ FIFA-სა და FIFPro-სთვის ჩემი გამოყენებით ფულის შოვნის უფლება არასდროს მიმიცია. ვიღაც ჩემი სახელითა და სახით ფულს უნებართვოდ გამოიმუშავებს ისე, რომ შეთანხმება ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა. გამოძიების დროა," - წერს იბრაჰიმოვიჩი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ რეალურად, იბრაჰიმოვიჩი Fifpro-ს წევრია: 2013 წელს, იბრაჰიმოვიჩი Fifpro-ს საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა და მომდევნო წელს, ციურიხში, ოქროს ბურთით დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში, EA Sports-მა "მილანთან" და "ინტერთან" რამდენიმეწლიანი საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ორივე გუნდის მოთამაშეების, ფორმების, სავარჯიშო მოედნებისა და სტადიონის გამოყენების უფლებას ითვალისწინებს. თუმცა როგორც ჩანს, ზლატანი მაინც უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ EA Sports-მა ნებართვა მისგან მაინც უნდა აიღოს. აქვე გეტყვით, რომ FIFA 21-ში იტალიური "რომა" წარმოდგენილი არ იქნება - ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ რომაულმა გუნდმა კონტრაქტი EA Sports-ის კონკურენტთან, Konami-სთან გააფორმა. სწორედ ანალოგიური მიზეზით, ტურინის "იუვენტუსი" FIFA 20-ში "პიემონტე კალჩოს" სახელით იყო წარმოდგენილი.

სხვა სტატიები