Belive

ზურაბ ხიზანიშვილი: "ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, წინ მთავარი გამოწვევაა და ჯერ ისევ ძიების პროცესში ვართ"

2 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, შვედეთის წინააღმდეგ (2:0) მოგებულ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს მოედანზე გაუძღვა, Live.ge-ს გადაცემა "სპორტპედიას" ეთერში სტუმრობისას სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან პოზიტიური ნოემბრის თვე შეაფასა.
"კარის გაჯახუნება მართლაც კარგად გამოგვდის, შვედეთი საქართველოში 3 ქულისთვის იყო ჩამოსული და ორი აზრი არ არსებობდა, რომ მათი მიზანი აქ გამარჯვება იქნებოდა. შედეგზე რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ დადებითი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავებისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, აი რაც შეეხება თამაშის ხარისხს, თუ ჩავთვლით, რომ ეს კარგი იყო, მაშინ ამის პირველი განმაპირობებელი მიზეზი გუნდურობა გახლდათ. ჩვენ ეს თამაში კონტრშეტევაზე გვქონდა აგებული, ამიტომაც თავდაცვაში სტაბილური თამაში საშუალებას გაძლევს, რომ კვარაცხელია, ლობჟანიძე და სხვა სწრაფი ფეხბურთელები თავისუფალ სივრცეებში აღმოჩენილიყვნენ. ვიცოდით, რომ იბრაჰიმოვიჩს თავდაცვაში კარგად ქმედება არ ეხერხება, ასევე ფორსბერგიც და კულუშევსკიც (თუ ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა) უფრო მეტად შეტევაზე იქნებოდნენ ორიენტირებულები და ჩვენ ფლანგზებე უპირატესობა გვექნებოდა, ასეც მოხდა და ეს შემდეგ ერთ-ერთმა ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა მარტინ ოლსენმა დამიდასტურა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო. მკითხა, ფლანგებზე გვქონდა თუ არა თამაში აწყობილი, რადგანაც მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ ამაზე მიუთითათ. თავდაცვითი ფუნქციების საჭიროების შემთხვევაში, ისინი ფორსბერგს ამის გაკეთებას ვერ მოსთხოვდნენ, რადგან ასეთი ტიპაჟია და შესაბამის სამუშაოს ვერ შეასრულებდა. ეს კარგი გათვლა იყო მთავარი მწვრთნელის, ვილის მხრიდან, რაც ფეხბურთელებამდე კარგად მივიტანეთ და საბოლოოდ ეს ჩვენი გამარჯვების გასაღები აღმოჩნდა. ფეხბურთში კანონივით არის, ერთ კონკრეტულ დღეს, იმ მომენტში უფრო ძლიერს უმართლებს და როგორც აღმოჩნდა, შვედეთთან მატჩში ასეთები ჩვენ ვიყავით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. გულშემატკივარს, განსაკუთრებით ბათუმელებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სტადიონი და ატმოსფერო დიდებული იყო და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი. ეს არენა მთელმა ევროპამ ნახა. ისევ მარტინ ოლსენის სიტყვებს გავიხსენებ, რომელსაც პრემიერ ლიგა და სხვა მაღალი დონის ტურნირებზე აქვს ნათამაშები, მატჩის წინ, სანამ კარგ ხასიათზე იყო, ჩვენი სტადიონით აღფრთოვანებული იყო. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ასეთი მოწონება ძალიან მნიშვნელოვანია.
No description available.
მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ამის ილუზია არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს, რადგანაც წინ უეფას ერთა ლიგა გველის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტის თვეში დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური შეხვედრები, რადგანაც გვსურს ფეხბურთელებთან სტაბილურობაზე უფრო ბევრი ვიმუშაოთ, ასევე ფსიქოლოგიაზე და აბსოლუტურად ყველა კომპონენტის გაუმჯობესებაზე, ვიდრე კონკრეტულად შედეგზე ვიფიქროთ. შედეგი ავტომატურად მოდის მაშინ, თუ რაღაც-რაღაცებს სწორად, აკეთებ, ამაში კი ფეხბურთელებისთვის იმ სწორი გზის ჩვენებას ვგულისხმობ, რომელიც საბოლოოდ რეზულტატამდე მიგვიყვანს. მოგება ყველას უნდა, მაგრამ მთავარია, იმსახურებ თუ არა ამას. წარმატების გასაღები, შემადგენლობის თვალსაზრისითაც, ჩვენ ჯერ ნაპოვნი არ გვაქვს და ისევ ძიების პროცესში ვართ, იმიტომ, რომ, ბევრი ფეხბურთელის განხილვა გვსურს. ივნისის თვეში ჩვენ 4 ოფიციალური მატჩი უნდა ჩავატაროთ ერთა ლიგაზე და ახლა სწორება სწორედ ამაზე გვაქვს აღებული და გვსურს ამ ოთხი მატჩისთვის ისეთ ფორმაში ვიყოთ, რომ რეალური შედეგი ვნახოთ, თუ სად ვიქნებით და სად ვიმსახურებთ ყოფნას. ეს 4 მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს, განსაკუთრებით საწყისი ორი შეხვედრა. ვფიქრობთ, რომ ამ ოთხი შეხვედრისთვის ჩვენ 35-40 ფეხბურთელი უნდა გამოვიძახოთ, რადგან რეგულაციებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ბოლო წამს ფეხბურთელის მოხმობის შესაძლებლობა არ გვექნება, იმიტომ, რომ კლუბებს მათი არგამოშვების უფლება ექნებათ. სწორედ იმის გამო, რომ, 35-40 ფეხბურთელს შორის მოგვიწევს მოძრაობა, ძიების პროცესში ვართ და ფართო შემადგენლობას განვიხილავთ. ამ შევსებაში ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დიდ როლს ითამაშებენ.
ზურაბ ხიზანიშვილი: ვაისი რომ გავუშვათ, უკეთესს მოვიყვანთ?
მინდა გიორგი ჩიტაურს და ვასილ მაისურაძეს ელიტ-რაუნდის საგზურის მოპოვება მივულოცო, რომელიც მათ სტაბილურად თამაშის გამო დაიმსახურეს. რაც შეეხება 21-წლამდე ნაკრებს, რამაზ სვანაძეს რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, მისმა ბიჭებმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მყოფი გუნდი დაამარცხეს, რომელსაც სამწვრთნელო შტაბში ჯოლეონ ლესკოტი და ეშლი კოული ჰყავს, მთავარი მწვრთნელი კი ძალიან გამოცდილი ირლანდიელი სპეციალისტია. მინდა ვთქვა, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა, რადგანაც მე ვიცი, თუ როგორ ემზადებოდნენ ამ კონკრეტული მატჩისთვის და რამაზ სვანაძეს რა ჰქონდა დაგეგმილი. ძალიან მიხარია, რომ ეს მატჩი თამაშით მოვიგეთ და არა შემთხვევით. 1 და 2 ბურთის გატანა ძალიან კარგია, მაგრამ როცა ტაბლოზე ანგარიში 3:0 იყო და ბიჭები არ გაჩერებულან, პირიქით შეტევაში გაიქცნენ, ეს კიდევ უფრო სასიხარულოა. ეს შედეგი განაპირობებს იმას, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ თამაშმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს, რადგან ინგლისზე ძლიერი ნაკრები ამ ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან ძნელი საპოვნელია. ამ ტურნირზე ფიზიკური მომზადების კუთხით ამაზე ძლიერი ნაკრები არ იქნება, მათ ამ კომპონენტში ვერავინ ვერ აჯობებს, რადგანაც ჩვენ ეს გუნდი ნანახი და გაშიფრული გვყავდა და მათთან გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის წინ კარგი სტარტია და იმედია ფინიში კიდევ უფრო კარგი იქნება. მთავარი ნაკრების წარმატება ესტაფეტასავით და მატარებელივით არის - როცა შენიანი სპორტსმენის წარმატებას უყურებ, შემდეგ ეს უკვე გადამდებ მუხტს ქმნის", - თქვა ზურაბ ხიზანიშვილმა.

სხვა სტატიები