Belive

ზურიკო დავითაშვილი: "ფინალის დავიწყება ყოველთვის გაგვიჭირდება, მაგრამ რევანშის აღება შეგვიძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირებამდე, საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ამის მიუხედავად, განწყობა და მიზანი უცვლელია - გამარჯვება და ჯგუფის პირველი ადგილით დასრულება გვსურს.

რაც შეეხება გარემოს, არც ამ მხრივ შეცვლილა რაიმე - ბიჭებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ წაგებული ფინალური შეხვედრა ყოველთვის გვემახსოვრება, რადგანაც იმ მატჩს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ამ ჯგუფის პირველი ადგილით დასრულების შემთხვევაში რევანშის აღებისა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შესაძლებლობა გვაქვს.

ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამ თაობას ისტორიაში შესვლის შესაძლებლობა აქვს. ჩვენზე უმცროსი თაობაც ძალიან ნიჭიერი მოდის და წარმატების დიდი შანსი გვაქვს.

ბორდოში ჩასვლის შემდეგ ძალიან კარგი განწყობა დამხვდა. ახალგაზრდა ბიჭები არიან და ყველამ კარგად მიმიღო.

მცირე დრო საბუთების მოგვარების გამო გამიცდა, დებიუტს კი რაც შეეხება რა თქმა უნდა, იდეალური გამოვიდა. ეს დამეხმარება იმაში, რომ ხალხმა გამიცნოს. არც მე და ზოგადად ფეხბურთელები საკუთარი თამაშით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ როგორც ემოციურად, ისე გულშემატკივრებთან ადაპტაციის მხრივ ეს მატჩი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სტაბილურად თამაში უნდა გავაგრძელო და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ლიგა 1-ში ავიდეთ.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, ამ ტურნირის მოგების ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია და ვფიქრობ შეგვიძლია, რომ ეს ისტორიული შედეგები დავაფიქსიროთ, რადგან ძალიან კარგი ნაკრები ვიქნებით.

მამაჩემის როლი ჩემს კარიერაში განსაკუთრებულია. ყოველთვის ერთად განვიხილავთ, ვეძებთ უარყოფით მომენტებს და ვცდილობთ გამოვასწოროთ, რადგან უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. ევროპის ჩემპიონები თუ გავხდებით, ალბათ კრიტიკას შეასუსტებს.

მახსოვს წინა წლები, როცა ნაკრების მატჩებზე ასეთი აჟიოტაჟი არ იყო, ახლა კი ჩვენი წარმატებული შედეგების ფონზე გულშემატკივრის რაოდენობამ იმატა და ამის დამსახურებაა, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. მოედანზე ვნახავთ, თუ რა შეუძლია გულშემატკივარს. პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული მოტივაცია აქვს მათ როლს", - თქვა დავითაშვილმა.

ზურიკო დავითაშვილის აქტივში 19 შეხვედრაში 3 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასია.

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.​

სხვა სტატიები