Belive

თორნიკე შენგელია: ,,ჩემი პირველი ოცნება ყოველთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო''

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:83 დაამარცხა. გუშინდელი მატჩის შემდეგ, ფიბამ თორნიკე შენგელიას კომენტარი გაავრცელა:

,,ისეთივე მოტივაცია მაქვს, როგორიც ბავშვობაში მქონდა. ნაკრების თამაში პირველად სწორედ ამ დარბაზში ვნახე. ჩემი პირველი ოცნება NBA-ში თამაში არ ყოფილა, ვოცნებობდი, რომ ეროვნულ გუნდში მოვხვედრილიყავი და აქ ჩემი ქვეყნისთვის მეთამაშა. ეს მოტივაცია ბავშვობიდან მაქვს და არაფერი შეცვლილა. სანამ თამაში შემეძლება ამ მხრივ არაფერი შეიცვლება,'' - თორნიკეს სიტყვებს Fiba.com-ი ციტირებს.
შენგელიამ უკრაინასთან შეხვედრაში, არასრულ 33 წუთში, 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფიბამ ისიც აღნიშნა, რომ ქართველმა ფორვარდმა ხუთშაბათს, მოსკოვში, ,,ცსკა-სთან'' ერთად, ევროლიგაზე ითამაშა, მეორე დღეს კი თბილისში ეროვნულ ნაკრებს უკრაინის დამარცხებაში დაეხმარა. თორნიკეს როლზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისაუბრა:
,,როცა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჩამოდის, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გუნდის ყველა წევრს დამატებით მოტივაციას სძენს. ჩვენი ბევრი კალათბურთელი შიდაჩემპიონატში ასპარეზობს და დიდ მატჩებში თამაშის გამოცდილება არ აქვთ, სწორედ ამიტომ მათ საზღვარგარეთ მყოფი კალათბურთელებისგან ბიძგი სჭირდებათ. თოკომ პარკეტზე გული დადო, ხუთშაბათსა და პარასკევს მან 32-32 წუთი ითამაშა,'' - განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას 29 ნოემბერს, ესპანეთთან სტუმრად გამართავს. სკარიოლოს გუნდმა პირველი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და 94-65 იმარჯვა.

სხვა სტატიები