Belive

ვირტუსის დირექტორი: ,,თორნიკეს სახით ჩვენს გუნდში დიდებული მოთამაშე მოვიდა''

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
,,ვირტუსის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა ბერალდიმ, იტალიურ გუნდში თორნიკე შენგელიას გადასვლაზე ისაუბრა:
,,მგონი, სიტყვები არ მეყოფა იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც ჩვენი პრეზიდენტის, მასიმო ძანეტის მიმართ ვგრძნობ. მისი დამსახურებით, ჩვენს გუნდში დიდებული მოთამაშე, თორნიკე შენგელია მოვიდა. თოკოს მოსვლით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე, გუნდის გამოცდილება და ტექნიკური ღირებულება გაიზრდება. ეს ტრანსფერი ევროპულ კალათბურთში ვირტუსის იმიჯს ადასტურებს,'' - განაცხადა ბერალდიმ.
შენგელიას ტრანსფერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძეც გამოეხმაურა: ,,თქვენ დიდებული მოთამაშე აირჩიეთ - მებრძოლი, მშრომელი, ლიდერი და, უპირველეს ყოვლისა, შესანიშნავი ადამიანი დიდი გულით! P.S თოკო, შენ კი მსოფლიოში საუკეთესო ადგილას გადახვედი.'' მანამ, სანამ იტალიური კლუბი თორნიკეს ტრანსფერს დაადასტურებდა, ბოლონიელებმა სოციალურ ქსელში სწორედ ვიქტორ სანიკიძის ფოტო გამოაქვეყნეს (სანიკიძე ვირტუსში 2009-2012 წლებში თამაშობდა) და დაწერეს: ,,გაგრძელება იქნება…” ,,ვირტუსი” იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელსაც შიდაჩემპიონატი 16-ჯერ (მოქმედი ჩემპიონია), ევროლიგა კი 2-ჯერ აქვს მოგებული. ქართველი კალათბურთელი ,,ცსკა-დან”, სადაც 2020 წლიდან თამაშობდა, 26 თებერვალს წამოვიდა. მანამდე ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”

სხვა სტატიები