Belive

2018 წლის მთავარი ქართული სპორტული მოვლენები (ფოტო/ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
17 წთ

ფეხბურთი

2018 წელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. UEFA-ს ერთა ლიგის მიღმა, 2018 წელს საქართველოს ნაკრებმა 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯამში, საერთაშორისო ამხანაგურ და და ერთა ლიგის მატჩებში „ჯვაროსნებმა“ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს. ჩატარებულ 10 შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელს დამარცხდა. ერთადერთი და დასანანაი მარცხი, გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის წინააღმდეგ იწვნიეს. (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, ლუქსემბურგი 1:0 საქართველო) საერთაშორისო ამხანაგური მატჩების შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგაზე განაგრძო ბრწყინვალე ასპარეზობა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D-დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. D1 ჯგუფში, ჯვაროსნებმა 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და D-დივიზიონის საუკეთესო პირველადგილოსნის სტატუსი მოიპოვეს.
  ერთა ლიგაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პრაქტიკულად ნომინალური ფორვარდის გარეშე იასპარეზა. თავდასხმის ხაზში არსებული დანაკლისის აღმოფხვრა კი საკმაოდ ტექნიკურმა შემტევმა ნახევარმცველებმა ითავეს, რომელთაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი ჩაკვეთაძის ფენომენალური ასპარეზობა, რომელმაც ევროპული ფეხბურთის არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების წარმატებული სპარეზობა რეიტინგზეც დადებითად აისახა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი სამი პოზიციით წინ გადავიდა და 89-ე ადგილზეა. საუკეთესო პოზიცია საქართველოს 2012 წელს ეკავა, როდესაც 73-ე ადგილზე იყო. რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს. ერთა ლიგაზე კი საქართველოს მომავალი მეტოქე, ბელარუსის ნაკრები 76-ეა.
  წარმატებით დასრულებული 2018 წლის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2019 წელს მორიგი გამოწვევის წინაშე დადგება. დუბლინში გამართული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედეგად საქართველოს ნაკრები D-ჯგუფში მოხვდა. ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი გიბრალტარი იქნებიან. 2018 წელს საქართველოს ნაკრების მიერ გამართული საერთაშორისო ამხანაგური და ერთა ლიგის მატჩები: 24.03.2018 საქართველო 4:0 ლიეტუვა (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი) 27.03.2018 საქართველო 4:0 ესტონეთი (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი) 01.06.2018 საქართველო 1:0 მალტა (საერთაშორისო ამხანაგური ამტჩი) 05.06.2018 ლუქსემბურგი 1:0 საქართველო (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი) 06.09.2018 ყაზახეთი 0:2 საქართველო (UEFA-ს ერთა ლიგა) 09.09.2018 საქართველო 1:0 ლატვია (UEFA-ს ერთა ლიგა) 13.10.2018 საქართველო 3:0 ანდორა (UEFA-ს ერთა ლიგა) 16.10.2018 ლატვია 0:3 საქართველო (UEFA-ს ერთა ლიგა) 15.11.2018 ანდორა 1:1 საქართველო (UEFA-ს ერთა ლიგა) 19.11.2018 საქართველო 2:1 ყაზახეთი (UEFA-ს ერთა ლიგა) მატჩი: 10 მოგება: 8 ფრე: 1 წაგება: 1 გატანილი და გაშვებული გოლები: 21/3

რაგბი

2018 წელს ქართული რაგბის გარშემო არაერთი საინტერესო მოვლენა განვითარდა. ბორჯღალოსანთა რიგებში რამდენიმე ახალწვეულმა მოიგო კვართი, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებებში და თავი არაერთი ბრწყინვალე მომენტით დაამახსოვრეს გულშემატკივარს. 2018 წელი ბორჯღალოსნებმა ბელგიისა და გერმანიის რბევით დაიწყეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის უპირობო ფავორიტმა ორივე მეტოქე პირწმინდად გაანადგურა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ბორჯღალოსნებმა უდანაკარგოთ დაასრულეს. გამართული ხუთი შეხვედრიდან ბორჯღალოსნებმა ხუთი გამარჯვება იზეიმეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შინ რუმინეთს უმასპინძლა. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირება ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა.
  რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თბილისს ფრანგ ბარბაროსთა რაზმი ესტუმრა. „დინამო არენაზე“ გამართული ბრძოლა კვლავ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ბორჯღალოსნებმა დრამატულ ორთაბრძოლაში 16:15 დაამარცხეს ფრანგი ბარბაროსები. წარმატებული სტარტის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტ მატჩებისათვის მოემზადა. ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში ბორჯღალოსნებმა წყნარი ოკეანის ქვეყნების თასზე ტონგასა და ფიჯისთან ერთად იასპარეზეს. დრამატულ ბრძოლაში ტონგას დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოუწიათ ფიჯის წინააღმდეგ. სწორედ ფიჯი საქართველოს დაპირისპირება გახდა გულშემატკივართა პირველი დამწუხრების საწინდარი. პირველი ტაიმის იდეალურად ჩატარების შედეგად საქართველო დაწინაურდა - ტაიმი ბორჯღალოსანთა გამარჯვებით, ანგარიშით 15:10 დასრულდა თუმცა მეორე ტაიმში მოვლენები ფატალური სცენარით განვითარდა. კუნძულელებმა მეორე ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარეს და ბორჯღალოსნებს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს. საბოლოოდ, შეხვედრა ფიჯის გამარჯვებით, ანგარიშით 37:15 დასრულდა.
  ფიჯისთან სამწუხარო მარცხს იაპონიასთან კიდევ უფრო დასანანი მარცხი მიჰყვა. ამჯერად ბორჯღალოსნებმა 28:0 დათმეს დაპირისპირება - რის შემდეგაც, მილტონ ჰეიგს არაერთი სკეპტიკოსი გამოუჩნდა. ზაფხულის ტესტ მატჩების არც ისე სახარბიელო შედეგით დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნებს ნოემბერში უპრინციპულესი დაპირისპირება ელოდათ. ნოემბრის ტესტ მატჩებში საქართველო იტალიას, სამოასა და ტონგას დაუპირისპირდა. ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საგულშემატკივროდ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. საკმაოდ მნიშვნელოვანი და გამოცდილი მორაგბეების დანაკლისი მატჩის მსვლელობაზე და შედეგზეც აისახა. არაერთი ტრავმირებული მორაგბის გარეშე მოასპარეზე საქართველოს ნაკრები იტალიასთან ღირსეულ ბრძოლაში (28:17) დამარცხდა. იტალიასთან მარცხის შემდეგ, საქართველომ სამოა დაამარცხა ავჭალის სარაგბო სტადიონზე. აღსანისნავია, რომ სამოას წინააღმდეგ პირველად მოირგო ბორჯღალოსანთა კვართი თედო აბჟანდაძემ, რომელმაც გულშემატკივარს თავი შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. სამოას კვალდაკვალ ბორჯღალოსნებმა ტონგაც დაამარცხეს და ნოემბრის ტესტ მატჩები დადებითი ბალანსით დაასრულეს.
  ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ 2018 წელს გამართულ პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში ბორჯღალოსნები რამდენიმე წამყვანი მორაგბის გარეშე ასპარეზობდნენ. ტრავმირებული ლიდერების ჩანაცვლება კი ახალწვეულებს უწევდათ. 2018 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დაპირისპირებები: 10.02.2018 საქართველო 47:0 ბელგია (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 17.02.2018 გერმანია 0:64 საქართველო (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 03.03.2018 საქართველო 23:13 ესპანეთი (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 10.03.2018 რუსეთი 9:29 საქართველო (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 18.03.2018 საქართველო 25:16 რუმინეთი (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) 31.05.2018 საქართველო 16:15 ფრანგი ბარბაროსები (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი) 09.06.2018 ტონგა 15:16 საქართველო (ზაფხულის ტესტები/წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი) 16.06.2018 ფიჯი 37:15 საქართველო (ზაფხულის ტესტები/წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი) 23.06.2018 იაპონია 28:0 საქართველო (ზაფხულის ტესტები) 10.11.2018 იტალია 28:17 საქართველო (ნოემბრის ტესტები) 17.11.2018 საქართველო 27:19 სამოა (ნოემბრის ტესტები) 24.11.2018 საქართველო 20:9 ტონგა (ნოემბრის ტესტები) მატჩი: 12 მოგება: 9 წაგება: 3 რეიტინგი: 01.01.2018 – 12 31.12.2018 - 13

კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა თითქმის უტოპიის სფეროს წარმოადგენს.
  ძირითადი ბირთვის გარეშე დარჩენილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეჯგუფში არც ისე სახარბიელო თამაშით გამოირჩა. L-ჯგუფში საბერძნეთის, გერმანიის, სერბეთის, ისრაელისა და ესტონეთის წინააღმდეგ მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა 5 მოგება და 5 მარცხი დააგროვა. 10 ტურის შემდეგ, საქართველო მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი საქართველომ წამყვანი მოთამაშეების გარეშე ჩაატარა - დანაკლისის აღმოფხვრა კი ახალგაზრდა კალათბურთელებმა ითავეს. 2018 წელს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ გამართული დაპირისპირებები: 23.02.2018 ავსტრია 64:78 საქართველო 25.02.2018 საქართველო 77:87 გერმანია 22.06.2016 ჩეხეთი 71:57 საქართველო 29.06.2018 საქართველო 50:87 სერბეთი 02.07.2018 საქართველო 98:73 ავსტრია 13.09.2018 ისრალი 80:85 საქართველო 16.09.2018 საქართველო 85:86 საბერძნეთი 30.11.2018 ესტონეთი 73:80 საქართველო 03.12.2018 საქართველო (64:64) 71:69 ისრაელი მატჩი: 9 მოგება: 5 წაგება: 4 FIBA-ს მსოფლიო რეიტინგი: 27

ჩოგბურთი

2018 წელი განსაკუთრებული გამოდგა ნიკოლოზ ბასილაშვილისათვის, რომელმაც ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის და CHINA OPEN-ის ტრიუმფით დასრულება მოახერხა. 2018 წელს ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებისა და გამარჯვებების შედეგად ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში საგრძნობი დაწინაურება შეძლო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი (21) დააფიქსირა.
  მორიგი აღიარება ნიკოლოზ ბასილაშვილმა გავლენიანი ამერიკული გამოცემისგან (New York Times) მიიღო. გამოცემამ ბასილაშვილი ბექჰენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა. 2018 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 ტურნირის ტრიუმფით დასრულება შეძლო - საპრიზო თანხის სახით კი საკუთარი ბიუჯეტი 2.023.705 მილიონი დოლარით შეავსო. ნიკოლოზ ბასილაშვის მიერ გამართული დაპირისპირებები 2018 წელს: მატჩი: 57 მოგება: 29 წაგება: 28

ჭიდაობა

2018 წელს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიიღო მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი წარმატებული გამოდგა. ევროპის ჩემიონატზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 6-6 მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთ ევროპირველობაზე 12 მედალი საქართველოს აქამდე არასდროს აუღია. ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანი რობერტ კობლიაშვილი (87) გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში კობლიაშვილმა რუსი ბეკხან ოზდოევი დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და დაღესტანში ქართული დროშა ააფრიალა. ვერცხლის მედალოსანი გახდა ევროპისა და ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67). ბრინჯაოს მედლებს კი ნუგზარ წურწუმია (55), იაქობ ქაჯაია (130) და დავით ჩხარტიშვილი (60) გახდნენ.
  თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა სარეკორდო გამოდგა - კვარცხლბეკზე ასვლა ნაკრების ოთხმა წევრმა შეძლო. ცალკე აღნიშვნის ღირსია გენო პეტრიაშვილის მიღწევა , რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. განსაკუთრებით წარმატებული წელი გამოდგა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებებისთვის. სეზონის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა 48 მედალი მოაგროვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა სულ 9 მედალი მოიპოვეს (6 ოქრო). ამასთანავე 23 -წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალმა-მეორე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე ასაკობრივ პირველობებზე მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამასთანავე, ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ოქროს მედალს დაეუფლა. ჯამში, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჭიდაობაში სამი მონაწილედან სამივე ფინალში გავიდა.

ძიუდო

2018 წელი ძიუდოს ფედერაციაში ცუდად დაიწყო, დაპირისპირება მოხდა ფედერაციის პრეზიდენტს - დავით ქევხიშვილსა და სპორტსმენებს შორის. სამწუხაროდ ამ ფაქტმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა სპორტსმენებზე, რომლებმაც გამოსვლები დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში მოუწია საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნდა, რაც ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებას მიაწერეს. სამწუხარო იყო ის ფაქტიც, რომ წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გრანდ სლემზე - ოსაკას გრანდ სლემზე უმედლოდ დავრჩით. დიდ იმედგაცრუებასთან ერთად, დიდი ბედნიერება დაგვარტყდა თავს - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამედ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - გურამ თუშიშვილი (+100). ვერცხლის მედალს დაეუფლა საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო რაც შეეხება ბრინჯაოს - იგი ამირან პაპინაშვილის საკუთრება გახდა. ამრიგად, საქართველოს ნაკრების ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატზე შეგვიძლია წარმატებულად შევაფასოთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოშობით ქართველმა - ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ესპანეთის სახელით ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
  წლის კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენა - გოლდენ გორმა ევროპა ლიგა მოიგო. წარმატებულად ჩაიარა ჰააგის გრანდ პრიზმა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 2 სინჯის მედალი - ოქრო (ვაჟა მარგელაშვილი) და ბრინჯაო (ლაშა შავდათუაშვილი). საოცრად წამრატებული იყო აბუ დაბის გრანდ სლემი - 3 ოქრო ( ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი) საქართველოს ნაკრებისთვის ტრიუმფით ჩაიარა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა - გუანჯოუს მასტერსმა : 2 ოქრო (ლიპო და თუშიშვილი) ასევე ახალგაზრდები - საქართველოს უ23 ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 1 ადგილზე გავიდა.

სუმო

2018 წელი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტოჩინოშინისათვის განსაკუთრებულია. ქართველი გოლიათი 2018 წლის სტარტზე, ჰაცუ ბაშოს ტრიუმფატორი და იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. იმპერატორის თასთან ერთად ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სუმოს იერარქიაში ამაღლდა და ოძეკის (ჩემპიონი) ტიტულს დაეუფლა. ბრწყინვალე საბრძოლო ტექნიკისა და მებრძოლი სულის გამოვლენისათვის ტოჩინოშინი არაერთხელ გახდა ბაშოს გამორჩეული მონაწილე და სულ უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა.
  აღსანისნავია, რომ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) 2018 წელს გამართულ არაერთ ბაშოზე მოუწია ტრავმით ასპარეზობა. თავდაუზოგავი შრომისა და მედგარი ბრძოლის მიუხედავად, ტოჩინოშინის ტრავმამ მის ასპარეზობას გარკვეული კვალი დაატყო. სამწუხაროდ, 2018 წელს ტოჩინოშინი მხოლოდ ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული გახდა. ტრიუმფის გამეორებასთან და ბაშოს მოგებასთან ტოჩინოშინი ყველაზე ახლოს მაისში იყო. ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა 13:2 ბალანსი დააფიქსირა - რაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სამწუხაროდ საკმარისი არ აღმოჩნდა. ტოჩინოშინის ასპარეზობა 2018 წელს: იანვარი, „ჰაცუ ბაშო“, ტოკიო : 14-1 (ჩემპიონი) მარტი, „ჰარუ ბაშო“, ოსაკა: 10-5 მაისი, „ნაცუ ბაშო“, ტოკიო: 13-2 ივლისი, „ნაგოია ბაშო“, ნაგოია: 5-2-8 სექტემბერი, „აკი ბაშო“, ტოკიო: 9-6 ნოემბერი, „კიუშუ ბაშო“, ფუკუოკა: 8-7 ტოჩინოშინის მიერ გამართული დაპირისპირებები 2018 წელს: ორთაბრძოლა: 90 მოგება: 59 წაგება: 31 (8 ტურნირიდან მოხსნის გამო)

ძალოსნობა

2018 წელი განსაკუთრებული გამოდგა ლაშა ტალახაძისათვის. ქართველმა გოლიათმა საკუთარივე რეკორდები გააუმჯობესა და კვლავ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. მორიგი რეკორდები ლაშა ტალახაძემ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა. მან აკვრაში მეორე ცდაზე ჯერ 212 კგ. დაიმორჩილა და რეკორდი დაამყარა ხოლო მესამე მისვლაზე 217 კგ-საც მოერია და თავისივე რეკორდი რამოდენიმე წუთში გააუმჯობესა!
  აღსანიშნავია, რომ სრულიად დამსახურებულად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.

ფარიკაობა

2018 წელი განსაკუთრებული გამოდგა ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანისათვის. იაპონიის ქალაქ კიოტოში ეტლით მოსარგებლეთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასი გათამაშდა, რომელშიც ოქროს მედალი ქართველმა ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ირმა ხეცურიანმა უკრაინელი ოლენა ფედოტა დაამარცხა.   ქართველმა პარამოფარიკავემ 2018 წლის ბოლო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. პირველ ეტაპზე, მან ფრანგი მოწინააღმდეგე დაამარცხა, შემდეგ პოლონელ მოწინააღმდეგეს სძლია, ნახევარფინალში უნგრელ ოპონენტს აჯობა. ფინალში კი ხეცურიანის მოწინააღმდეგე უკრაინელი პოლენა ფედოტა იყო, რომელიც ხეცურიანმა დამაჯერებლად დაამარცხა.
  კიოტოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ირმა ხეცურიანის ანგარიშზე 13 ოქროს მედალი დაგროვდა.

ნიჩბოსნობა

2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ზაზა ნადირაძემ 2018 წელს ოქროთი ჩაანაცვლა. ქართველმა ნიჩნობასნმა 2018 წელს განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი ნიჩბნოსნის ტრიუმფით დასრულდა. ფინალში ნადირაძემ 200 მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დასძლია და ოქროს მედალს დაუეფლა.
  ზაზა ნადირაძემ აგრეთვე წარმატებით იასპარეზა პორტუგალიის ქალაქ მონტემორში კანოე-კაიაკიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მან ფინალში გასვლა მოახერხა. სამწუხაროდ ფინიშის ხაზთან პირველი რუსი ნიჩბოსანი მივიდა - ზაზა ნადირაძე კი მეორე ადგილს დასჯერდა.

სხვა სტატიები