ხასიათის სიმტკიცის 2 საათი

1.15K
ნახვა

ბოლო ევრობასკეტის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: ნაკრებს დაემშვიდობნენ ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, ილიას ზუროსს კი ახალი გუნდის შენება უწევს. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები მიზერულია, მაგრამ ვხედავთ ბრძოლას, შემართებას, სურვილსა და მოტივაციას, რაც თითოეული ჩვენი კალათბურთელის თვალებში ჩანს.

ისრაელს საოცარი თაობა ეზრდება – გასულ ზაფხულს გერმანიაში ჩატარებული 20 წლამდე ევრობასკეტი მათი ტრიუმფით დასრულდა, რაც დიდი სენსაცია გახლდათ. თუმცა ისრაელს ჰყავდა ლიდერები, მათ შორის იოველ ზუსმანი, რომელიც ჩემპიონატის MVP გახდა. იგი გუშინაც გამორჩეული გახლდათ და თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მასპინძლებს აკლდათ გაი პნინი, გალ მეკელი, რიჩარდ ჰაუელი, და რაც მთავარია, ომრი კასპი.

მანუჩარ მარკოიშვილი რომ შეუცვლელი ფიგურაა ჩვენი ნაკრებისთვის, ეს ყოველ მატჩში მტკიცდება. ალბათ მანუსნაირ მცველს ბევრი ევროპული ნაკრები ინატრებდა. გამოჩნდა დუდა სანაძის მნიშვნელობა ნაკრებში: იგი საიმედოა, სნაიპერია და რაც მთავარია, ამ თვისებებს იმ მომენტში ავლენს, როდესაც ნაკრებს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

მატჩი სწორედ დუდას სამქულიანით გაიხსნა, სულ კი ჩვენმა ბიჭებმა 16 სამქულიანი ჩააგდეს. დუდამ მატჩის შემდეგაც აღნიშნა, რომ გუნდი ისრაელის წნეხს შერმადინზე, შენგელიასა და ბითაძეზე ელოდებოდა, ამიტომაც აქცენტი პერიმეტრზე გაკეთდა და ამან ნამდვილად გაამართლა. პირველი მეოთხედი უხვქულიანი გამოდგა და საბოლოოდ 26-23 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ, მეორე პერიოდი უფრო უკეთესად ჩავატარეთ და შესვენებაზე 12 ქულიანი ჰანდიკაპით გავედით (49-37).

არ მოგვბეზრდება თორნიკე შენგელიას ქება – “თოკომოტივი” ნამდვილი ლიდერია, როგორც ხასიათით, ისე სათამაშო სტილით, გუშინაც მნიშვნელოვან მომენტებში იღებდა თავის თავზე თამაშს და თუ ქულებს ვერ აგდებდა, მეტოქე აიძულებდა მასზე თამაშის წესი დაერღვია. როდესაც თოკო ბურთს იღებდა მასთან უმალვე ჩნდებოდა მეტოქის ორი კალათბურთელი, რაც ნაკრების სხვა წევრებს სივრცეებს უთავისუფლებდა.

ისრაელმა მესამე პერიოდი მძლავრად დაიწყო და ჩვენი 12 ქულიანი უპირატესობა თვალსა და ხელს შუა დადნა, სეგევის დანქის შემდეგ კი ისრაელი წინ გავიდა (57-55). სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ახალგაზრდა გოგა ბითაძის მნიშვნელობა, რომელმაც ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი შემდეგ კი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მატჩი ქულა-ქულაში გაგრძელდა, ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელის გაქცევის დასტაბილურება შეძლეს და ბოლო მეოთხედის წინ მეტოქეს მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებოდით (68-65).

წინა აბზაცში გოგა ბითაძე ვახსენეთ: მისი პროგრესი მართლაც თვალსაჩინოა და თუ ასე გააგრძელა, რამდენიმე წელში მაღალი დონის ცენტრი გვეყოლება. გოგას მომატებული ქონდა ფიზიკაში და თავი მრავალმხრივად წარმოაჩინა: 13 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკ-შოტი – აშკარაა, რომ 19 წლის კალათბურთელი ნელ-ნელა ნაკრების ლიდერად ყალიბდება.

ბოლო მეოთხედი ჯეიკ კოენის შორეული ტყორცნით გაიხსნა და ისრაელი 6 ქულით დაწინაურდა, აქ კი მიხეილ ბერიშვილმა უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო და ისრაელს ბოლო მეოთხედის სტარტზევე გაქცევის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ მატჩი ქულა ქულაში გაგრძელდა და მატჩის დასრულებამდე 1:05 წუთით ადრე 80-78 ვმარცხდებოდით, როცა გოგა ბითაძემ კვლავ გაგვახარა: მან მეტოქის ფარზე იბრძოლა ბურთი მოხსნა და 2 ქულიანს ჯარიმაც მიაყოლა (81-80).

მატჩის ბოლო მომენტი კი მართლაც გამოსარჩევია, ანგარიში 83-80 იყო ჩვენს სასარგებლოდ, მატჩის დასრულებამდე კი 7 წამი რჩებოდა, ისრაელი შეტევას იწყებდა, როდესაც გიორგი ცინცაძემ ბოლომდე იბრძოლა მეტოქეს ბურთი აართვა და ბურთი შენგელიას გადააწოდა რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (85-80).

 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეთ ჯენინგი, ამერიკელმა სნაიპერმა პირველივე სანაკრებო მატჩში 5 სამქულიანი ჩააგდო და გუნდს ძალიან დაეხმარა, იმედია ისიც ისევე შეაყვარებს მაყურებელს თავს, როგორც ეს მაიკლ დიქსონმა გააკეთა.

 

თელ-ავივში გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, არ გატყდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. წინ კიდევ უფრო რთული მატჩი გვაქვს – კვირას, 19:00 საათზე, სპორტის სასახლეში საბერძნეთი უდავო ფავორიტია, თუმცა სპორტის სასახლეში არაერთი მითი დამსხვრეულა…

 

(1152)

ხასიათის სიმტკიცის 2 საათი

სტატიის ავტორი
-