Belive

2019 წლის შეჯამება: გიორგი შერმადინი 

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
2019 წელი ქართველი კალათბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა, გოგა ბითაძემ ევროპაში შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჯერ NBA-ს დრაფტზე, მერე კი "ინდიანა პეისერსში" მოხვდა. პარალელურად, წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველები. გამორჩეული წელიწადი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ლიდერ გიორგი შერმადინსაც, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში "უნიკახას" ლიდერობდა და გაზაფხულზე იმდენად შედეგიანი გახლდათ, რომ ACB ლიგის თვის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარეს.
ზაფხულში, საკუთარი პროგნოზისამებრ, 30 წლის ცენტრმა მალაგური კლუბი დატოვა, ესპანეთის ჩემპიონატში უკვე მესამე გუნდის, "ტენერიფეს" მაისური მოირგო, სადაც თავი შესანიშნავად დაიმკვიდრა და გამოკვეთილ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.
სან კრისტობალში გადაბარგების შემდეგ, შერმადინი სხვადასხვა კომპონენტში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა შორის იმყოფება. ლიგაში ქულათა ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე კალათბურთელებს შორის შერმადინი მეოთხე ადგილზეა, ის საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.5 ქულას აგდებს. ჩაგდებული ორქულიანების მაჩვენებელში ქართველი საუკეთესოა (6.8), მთლიანად სეზონის MVP-სთვის ბრძოლაში კი ჩვენებური მხოლოდ "ბარსელონას" ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს ჩამორჩება.
ქართველ კალათბურთელს კარგი წელიწადი გამოუვიდა და წინ კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს. შერმადინის გუნდი ჩემპიონატის საპლეიოფო ზონაშია და ევროლიგაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს, იმ ფორმის გათვალისწინებით კი, რომელსაც შერმადინი აჩვენებს, 2020 წელს მისგან ესპანეთის საკალათბურთო ლიგის MVP-ს წოდების მიღებასაც უნდა ველოდოთ.
  2019/20 წლების სეზონი მატჩი - 11 საშუალოდ ნათამაშები დრო - 27:32 საშუალოდ ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობა - 17.6 2-ქულიანების პროცენტი - 68.2 მოხსნა - 6.7 შედეგიანი გადაცემა - 1.7

სხვა სტატიები