Belive

საქართველომ კოკოშკოვს საშინაო დებიუტი ჩაუმწარა

4 წლის წინ კალათბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრებს რთული მატჩი ჰქონდა შვეიცარიასთან, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. დღეს კი გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა, რომ სერბეთი საქართველოს დაამარცხებდა. ქართველებმა კოკოშკოვს  ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის არენაზე დებიუტი გაუფუჭეს. უკანასკნელად, როდესაც საქართველო სერბეთს დაუპირისპირდა, ქართველებს შემადგენლობაში მაიკლ დიქსონი ჰყავდათ, რომელმაც სერბეთს 36 ქულა ჩაუგდო, თუმცა ეს მატჩის მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. ამჯერად მაკფადენმა უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში.

მაშინ როდესაც სერბეთი ბოლო წუთზე 1 ქულით იგებდა, ილიას ზუროსს მაკფადენი-შერმადინისგან პიკ ენ როლის გათამაშება სურდა, თუმცა სერბებმა თავი შესანიშნავად დაიცვეს და შერმადინს მის მცველთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს. მაკფადენმა თამაშის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა. ოგნიენ იარამაზს ბურთი ხელზე გადაატარა და ზუსტი სამქულიანით მატჩის დასრულებამდე 33 წამით ადრე საქართველოს ნაკრებს 2-ქულიანი ლიდერობა მოუპოვა. სერბებს შეეძლოთ უპირატესობის დაბრუნება. იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენებისას შესანიშნავი მონახაზი გააკეთა, მაგრამ რადე ზაგორაჩმა საბოლოო ტყორცნა არაზუსტად შეასრულა. მატჩის გმირი ულაპარაკოდ მაკფადენი იყო 33 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით. ამერიკელი კალათბურთელი ასევე ძალიან ეხმარებოდა გიორგი შერმადინს, რომელმაც 23 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. საჯარიმო ტყორცნები. ასეთ დაძაბულ მატჩში საქართველომ 27-19 აჯობა სერბეთს, ისე რომ მხოლოდ 2 ტყორცნა გააცუდა, სერბებს კი აღნიშნულ კომპონენტში 6 გაცუდებული ტყორცნა დაუგროვდათ. სერბები ამ მარცხის გამო არ უნდა მოდუნდნენ. წაგების მიუხედავად მათ შესანიშნავი მატჩი ჰქონდათ. ავრამოვიჩსა და იარამაზს ჯამში 49 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდათ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ორი გამარჯვებით ლიდერობს. რაც შეეხებათ სერბებს - 1 გამარჯვება და 1 მარცხი.

სხვა სტატიები