Belive

აინარს ბაგაცკისი: "საქართველოს გამოცდილი, მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს"

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან გასამართი პრინციპული მატჩის წინ, რომლისთვისაც უკრაინელები განსაკუთრებულად ემზადებიან, მოწინააღმდეგე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - აინარს ბაგაცკისმა, საინტერესო კომენტარი გააკეთა. ლატვიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს გამოცდილი და მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს. ბაგაცკისის ვიდეო ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე განთავსდა.
"ომის დაწყების შემდეგ, ვეძებდით ადგილს, სადაც შევძლებდით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვას. ლატვიის დედაქალაქი რიგა შევარჩიეთ, რადგან ამ ქვეყნის მთავრობა და კალათბურთის ფედერაცია უკრაინას ძალიან ეხმარება. რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ იოლი მატჩი არ გველის. დანამდვილებით ვიცით, რომ მარტივი დაპირისპირება არ იქნება. ყველა მატჩი რთულია, მაგრამ, ქართველების წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან საქართველოს გამოცდილი და ასე ვიტყოდი - ჭკვიანი გუნდი ჰყავს". "შენგელიას, შერმადინს, ბურჯანაძეს, ბითაძეს, მაკფადენსა და ცინცაძეს კომენტარი არ სჭირდებათ - გამოცდილი მაღალი დონის კალათბურთელები არიან. ჯგუფში შექმნილი სიტუაცია ნათელია - ესპანეთი ფავორიტია, პირველ ადგილზე გავა. მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს. უკრაინას ბევრი შრომა სჭირდება, რომ ჯგუფიდან გავიდეს", - აღნიშნავს ბაგაცკისი.

სხვა სტატიები