Belive

ანდრონიკაშვილი და 4 კალათბურთელი, რომელთაც U18 ევროპის ჩემპიონატზე უნდა დავაკვირდეთ

4 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
რუმინეთის ქალაქი ორადეა კალათბურთში U18 ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონს მასპინძლობს. B-დივიზიონის 24 ასაკობრივი ნაკრები ტურნირის ტრიუმფით დასრულებისთვის და A-დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებს. FIBA-მ ოფიციალურ ვებგვერდზე, ტურნირზე მონაწილე ტოპ-5 კალათბურთელი გამოავლინა, რომელთაც ვრცელი სტატია მიუძღვნა. ტოპ-5 კალათბურთელს შორის, რომელთაც U18 ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში უნდა დავაკვირდეთ, რატი ანდრონიკაშვილიც მოხვდა.

ამიტ აჰარონი, ისრაელი

1
2016 წლის შემდეგ, ისრაელი A-დივიზიონში აღზევებისთვის იბრძვის - ამიტ აჰარონი კი წლევანდელი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაა მიჩნეული, რომელმაც განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს ისრაელის U18 საკალათბურთო ნაკრების წარმატებაში. 2017 და 2018 წლებში, ისრაელის U16 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A-დივიზიონში იასპარეზა - სწორედ აჰარონი გახდა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რომლის წყალობითაც ისრაელმა A-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

რატი ანდრონიკაშვილი, საქართველო

ქართველმა პოინტ გარდმა ბრწყინვალე ასპარეზობით უამრავი გულშემატკივარი მოხიბლა. U20 ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში, საქართველომ B-დივიზიონში მე-8 ადგილი დაიკავა. რატი ანდრონიკაშვილმა U20 ევროპის ჩემპიონატზე, მატჩში საშუალოდ 16.9 ქულის, 5.9 მოხსნისა და 5.3 ასისტის დაგროვება შეძლო. რატი ანდრონიკაშვილს უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დევიდ ბომი, ჩეხეთი

დევიდ ბომს U18 ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში ასპარეზობის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ წელს დევიდ ბომმა საშუალოდ 15.9 ქულის, 5.5 მოხსნისა და 1.1 ასისტის შესრულება შეძლო. დევიდ ბომი და მისი თანაგუნდელები ჩეხეთის U20 საკალათბურთო ნაკრებმა გაამხნევა. 2019 წლის U20 ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში ჩეხეთმა მე-2 პოზიცია დაიკავა და მომდევნო წელს A-დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

კასპარ კისტინგი, ესტონეთი

გასული ორი წლის მანძილზე, ესტონეთის U18 საკალათბურთო ნაკრებმა B-დივიზიონის ნახევარფინალში ასპარეზობა შეძლო. კისტინგი და ესტონეთის ნაკრები წელსაც შეეცდებიან წარმატების განმეორებას და კიდევ უფრო გაუმჯობესებას. U18 ასაკობრივ ნაკრებში კასპარ კისტინგი პირველად იასპარეზებს. 2017 წელს, ესტონეთის U16 ნაკრების რიგებში, კისტინგის საშუალო მაჩვენებელი 13.1 ქულასა და 3.4 მოხსნას შეადგენდა.

ილია ზაიეცი, უკრაინა

ილია ზაიეცი უკრაინის U18 საკალათბურთო ნაკრების რიგებში მეორედ იასპარეზებს U18 ევროპის ჩემპიონატზე. მისი საშუალო მაჩვენებელი 6.9 ქულას, 1.4 მოხსნასა და 3.1 ასისტს შეადგენს. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, უკრაინის U18 საკალათბურთო ნაკრებმა A-დივიზიონში სამჯერ იასპარეზა. ილია ზაიეცი და მისი თანაგუნდელები კვლავ ელიტაში დაბრუნებას შეეცდებიან.

სხვა კალათბურთელები, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ

ტოპ-5 კალათბურთელის მიღმა, FIBA-მ სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია, რომელთა ასპარეზობა ასევე იწვევს ინტერესს. დასაკვირვებელ კალათბურთელთა შორის კიდევ ერთი ქართველი - ალექსანდრე მერკვილაძე მოხვდა. მინეა-ტუდორ ბრი (რუმინეთი), რაპოლას ბუივიდასი (ირლანდია), რაზიელ აიუნი (ისრაელი), კაცპერ კლაჯეკი (პოლონეთი), კერ კრიისა (ესტონეთი), გილად ლევი (ისრაელი), ალექსანდრე მერკვილაძე (საქართველო), ერან შოლა (კოსოვო).

სხვა სტატიები