ბურჯანაძის გრან კანარია დამარცხდა

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ევროთასზე მეორე ტურის მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე სლოვენიური “ცედევიტა” იყო, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის “ოლიმპიას” სახელითაა ცნობილი. მატჩი ლიუბლიანაში გაიმართა და სლოვენიელთა გამარჯვებით დასრულდა – 84:68.

ეს ნამდვილად მოულოდნელი შედეგია, რადგან ბოლო დროს სლოვენიური კლუბები ევროსარბიელზე ვეღარ ბრწყინავენ, ესპანეთს კი ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი აქვს. ასეა თუ ისე, “ცედევიტამ” მეორე მეოთხედი 22:9 მოიგო, რაც გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა. საბოლოოდ ლიუბლიანელებმა 16 ქულით გაიმარჯვეს.

მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი კალათბურთელი, ჯერარდ ჯონსი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, იაკა ბლაჟიჩმა თავი 13 ქულას მოუყარა, ხოლო “გრან კანარიაში” ერთადერთი კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ჯეიკობ ვაილიმ 15 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ბურჯანაძის ანგარიშზე 12 წუთში 4-4 ქულა და მოხსნა იყო. მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

3 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” ორი მოგება და ერთი წაგება აქვს და ევროთასზე მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს თურქული “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბურსაში შედგება. მანამდე კი ბურჯანაძის თანაგუნდელებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ელით – 15 ოქტომბერს მადრიდში “ესტუდიანტესთან”.

წყარო: gbf.ge

(24)

ბურჯანაძის გრან კანარია დამარცხდა

სტატიის ავტორი
-